ჯიოევა ცხინვალის საავადმყოფოში გონზე მოვიდა

2012.02.10 ავტორი:

ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ოპოზიციის ლიდერი, ალა ჯიოევა რამდენიმე წუთის წინ  ცხინვალის საავადმყოფოში გონზე მოვიდა.

ინფორმაციას ცხინვალის საავადმყოფოს ექიმებზე დაყრდნობით რუსული სააგენტო „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

 ალა ჯიოევა სავადმყოფოში მას შემდეგ მოხვდა, რაც მის შტაბში სამართალდამცავებi შევიდნენ.

 

 ჯიოევას მხარდამჭერებზე დაყრდნობით „ბიბისი“-ს რუსული ბიურო წერს, რომ  ჯიოევას შტაბი სამხრეთ ოსეთის ძალოვანი სტრუქტურების დანაყოფებმა შტურმით აიღეს. შენობაში მყოფი მამაკაცები დააკავეს, თავად ოპოზიციის ლიდერს  კი ერთ-ერთმა პოლიციელმა ავტომატის კონდახი ჩაარტყა, რის შემდეგაც მან გონება დაკარგა. ცხინვალის საავადმყოფოში გადაყვანილი ჯიოევა მთელი ღამის განმავლობაში უგონოდ იყო.

 

დაუზუსტებელი ინფორმაციით, მას „ჰიპერტონული კრიზი“ ჰქონდა.

 

 იმავე „ბიბისი“-სთან საუბრისას, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ვალერი ვალიევი ჯიოევაზე ფიზიკური ზემოქმედების ფაქტს უარყოფს.

 

 მისი განცხადებით, გამომძიებლები შტაბში მისთვის პროკურატურის უწყების გადასაცემად მივიდნენ, თუმცა ჯიოევამ მათთან ურთიერთობაზე უარი  თქვა, რადგან 10 თებერვალს დაგეგმილი ინაუგურაციისათვის ემზადებოდა.

 

ე.წ. სამხრეთ ოსეთის გენპროკურორის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი ქაბულოვის თქმით ჯიოევამ გონება სწორედ ამ საუბრისას დაკარგა.

 

კიდევ ერთ რუსულ გამოცემა „გაზეტა.რუ“-სთან საუბრისას ჯიოევას მომხრეებმა განაცხადეს, რომ ისინი მომხდარზე რეაგირებას საერთაშორისო საზოგადოებისაგან მოითხოვენ, რადგან საკუთარ სამართალდამცავ ორგანოებს უკვე აღარ ენდობიან.

 

-„ჩვენ მათ ისედაც მეტისმეტად ვენდობოდით და აი შედეგიც“-განაცხადა ფატიმა კოკოევამ.

 

ალა ჯიოევა 10 თებერვალს ინაუგურაციისათვის ემზადებოდა.

 

 გასული წლის ნოემბერში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების ორივე ტურში გამარჯვების შემდეგ ის თავს თვითგამოცხადებული რესპუბლიკის არჩეულ პრეზიდენტად მიიჩნევდა.

 

რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ ჯიოევას მოწინააღმდეგეთა საჩივარზე დაყრდნობით ნოემბრის არჩევნები არალეგიტიმურად სცნო.

 

 ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 25 მარტს დაინიშნა.

 

 ჯიოევა პრეზიდენტობის შესანარჩუნებლად სამოქალაქო დაპირისპირებასაც არ გამორიცხავდა.

 

პროკურატურა მას სექტემბრის თვეში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებას ედავება.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

ხართ თუ არა ჰომოფობი?

კი

არა

მიჭირს პასუხის გაცემა

NED