სოხუმში მყოფი ქართველი მეზღვაურების მდგომარეობა მძიმეა
2012.02.21
პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი Hakki Cillioglu უკვე მე-9 თვეა ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმის პორტში დგას, გემს ტვირთი ბულგარეთისა და უკრაინის პორტებში უნდა ჩაეტანა. გემზე ქართველი მეზღვაურებიც იმყოფებიან.
გემს სხვადასხვა დაზიანებები აქვს, რამაც შეიძლება ეკიპაჟის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას. გემში წყალი შედის, დაზიანებულია გემის ძრავაც. 6 სარქველიდან მხოლოდ 1 მუშაობს. მეზღვაურები დახმარებას საქართველოს მთავრობას სთხოვენ.
ერთ-ერთი მეზღვაურის, გიორგი საპანაძის ინფორმაციით, ისინი სოხუმში მოტყუებით შეიყვანეს. „ოჩამჩირეში 16 მაისს შემოვედით, ჩვენ მიმართულება ფოთისკენ გვქონდა აღებული და არ ვიცით აქ როგორ აღმოვჩნდით, ოჩამჩირეში 2-3 დღე ვიდექით, შემდეგ კი სოხუმში საწვავის შესავსებად შემოვედით. სოხუმში ვითარება აირია, და ჩვენი საქმე მთლად გაიყინა. პასუხისმგებლობის აღებას არავინ ფიქრობს, ანაზღაურებაც არავისთვის გადაუხდიათ, ჩვენთან ერთად გემზე 9 თურქიც იმყოფება“.
ქართველი მეზღვაურების გათავისუფლების საკითხზე მუშაობს საქართველოს გენერალური საკონსულო თურქეთში. გემთმფლობელ კომპანიასთან მოლაპარაკებები გუშინ დაიწყო და დღესაც გაგრძელდება. საქმეში ჩართულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც.
აფხაზეთის პრემიერ-მინისტრმა, ლეონიდ ლაკირბაიამ განაცხადა, რომ მეზღვაურებს უახლოეს დღეებში დააბრუნებენ. ლაკერბაია აფხაზეთში გემის მფლობელი თურქული კომპანიის წარმომადგენელს ელოდება. მისივე თქმით, თუ გემთმფლობელი კომპანიის წარმომადგენელი აფხაზეთში უახლოეს მომავალში არ ჩავა, გემს აფხაზები უტილიზებას ჩაუტარებენ და ეკიპაჟს სამშობლოში დააბრუნებენ.
ამჟამად მეზღვაურების კიდევ ერთი დამსაქმებლის ვინაობა გახდა ცნობილი. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ვინმე ელგუჯა ვერძაძე მათი დასაქმებისთვის 1300 დოლარს იღებდა. ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მეზღვაურებმა გემი საეჭვოდ მიიჩნიეს, თუმცა დამსაქმებლებმა მათ უკან დაბრუნების საშუალება აღარ მისცეს.










