ყურანის ახალი გამოცემა
2012.05.28
მუსლიმთა წმინდა წიგნის „ყურანის“ ახალი თარგმანი დაახლოებით ერთ თვეში საქართველოში გამოჩნდება. წიგნი ამ დროისათვის სტამბულის ერთ-ერთ სტამბაში იბეჭდება და მის გამოცემას საქართველო-თურქეთის მეგობრობის ასოციაცია აფინანსებს.
„ყურანის“ არაბულიდან თარგმნას წელიწადი და სამი თვე დასჭირდა. დღეში დაახლოებით 18 საათი ვმუშაობდი. არაბული ენა ძალიან რთული და მდიდარია. დიდი დრო დასჭირდა რელიგიური ტერმინების თარგმნას და დაზუსტებასაც. ფაქტიურად ისლამთან დაკავშირებული ტერმინოლოგია ქართულ ენაში ახლა იქმნება და ამიტომ ეს მეტად რთული და შრომატევადი სამუშაოა," - აცხადებს „ყურანის“ ახალი თარგმანის ავტორი, ისლამის თეოლოგი რეზო მიქელაძე.
მისი თქმით, ახალი გამოცემა ქართულ ენაში ძალიან ბევრ ახალ რელიგიურ ტერმინს დანერგავს. თარგმანში არ გვხვდება უცხო სიტყვები და სხვადასხხვა ცნებების გადმოსაცემად აქტიურადაა გამოყენებული ძველი და ახალი ქართული ენის ლიტერატურული და სამეცნიერო წერილობითი ნაშრომები.
ახალი გამოცემის ერთ-ერთი ღირსება ისაა, რომ მას ისლამურ სამყაროში კარგად ცნობილი 30 სუნიტი მუსლიმი კომენტატორის განმარტებები ახლავს თან, რომლებიც სუნიტური მიმდინარეობის ისლამში კანონიკურად ითვლება.
ქართულ ენაზე „ყურანი“ პირველად 1906 წელს გამოიცა და მისი თარგმანი ფრანგულიდან შესრულდა. არსებობს გადმოცემა, რომლის თანახმადაც მისი თარგმნა ილია ჭავჭავაძის ინიციატივით მომხდარა და მისი მიზანი ქართველი მუსლიმებისათვის ღვთის სიტყვის მშობლიურ ენაზე გაცნობის შესაძლებლობის მიცემა იყო.
მეორე თარგმანი არაბული ენიდან გიორგი ლობჟანიძეს ეკუთვნის და იგი 2006 წელს „კავკასიური სახლის“ თაოსნობით გამოიცა.
თუმცა, მიქელაძის თქმით, ორივე გამოცემა შეცდომებსა და ხარვეზებს შეიცავს, მათ შორის ბევრია უზუსტობა რელიგიურ ტერმინოლოგიაშიც. როგორც მთარგმნელი ამბობს, მისი მიზანიც ეს იყო, რომ გვქონოდა სრულყოფილი თარგმანი, რომელიც ხარვეზებისაგან და უზუსტობებისაგან იქნებოდა დაცული.
-" წინა შემთხვევებში მთარგმნელები არ იყვნენ მუსლიმები, არასაკმარისად იცნობდნენ ისლამს და აქედან გამომდინარე იქნებოდა გარკვეული სახის შეცდომებიც. - ამბობს მთარგმნელი.
რეზო მიქელაძე ხულოს რაიონის სოფელ ღორჯომიდანაა და მას სტამბულის მარმარას უნივერსიტეტი, მეცნიერებისა და ხელოვნების აკადემია თურქეთში და ეგვიპტეში არაბული ენის კურსი აქვს დამთავრებული.
„ყურანის“ ახალი გამოცემა თავდაპირველად 5 ათასიანი ტირაჟით დაიბეჭდება და არაბულ-ქართული იქნება. გვერდზე თარგმანთან ერთად ორიგინალი ტექსტი, თარგმანი და კომენტარები იქნება მოთავსებული. გამოცემის ხარჯები დაახლოებით 40 ათას ლარს შეადგენს და მას მთლიანად საქართველო-თურქეთის მეგობრობის ასოციაცია გაიღებს.
„ყურანის“ ახალი გამოცემა გაყიდვაში არ იქნება და მსურველებს იგი უფასოდ გადაეცამათ.
ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში მუსლიმ მოქალაქეთა რიცხვი დაახლოებით 11 პროცენტს შეადგენს. მათი ნაწილი წარმოშობით ეთნიკური აზერბაიჯანელია, მეორე ნაწილი კი აჭარის რეგიონის მცხოვრებლები. საქართველოს გარეთ ქართველი მუსლიმები ცხოვრობენ აზერბაიჯანსა (ინგილოები) და კრასნოდარის მხარეში (აჭარიდან გადასახლებულები). გასათვალისწინებელია ასევე ირანის ფერეიდანის მხარის ქართველები და თურქეთში მცხოვრები მრავალმილიონიანი ქართული მოსახლეობაც, რომლებისთვისაც ეს წიგნი სავარაუდოდ დიდი მოვლენა გახდება.
ზურა ბაუჟაძე






