თემურ ჭყონიასაგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვენ
2012.06.25
ქდმ-ს ქობულეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე, თამაზ ბაკურიძე ბიზნესმენ თემურ ჭყონიას ქობულეთის მოსახლეობის შეურაცხყოფაში სდებს ბრალს და მისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს. ხელისუფლებას კი ბიზნესმენის მიერ ქობულეთში მწვანე ზოლის განადგურებაზე დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვს.
ბაკურიძის განცხადებით, ჭყონია კანონს არღვევს.
–„უკანონოდ აქვს გადაკეტილი პლიაჟი, რომელიც მის საკუთრებაში არსებული სასტუმროს Georgian Palace-ის მიმდებარედაა და მოსახლეობას გადაადგილებას უკრძალავს. გაჩეხა ფიჭვნარი, რომელიც სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე იყო და სადაც მანამდე მდებარეობდა ბავშვთა სამკურნალო სანატორიუმი „თოლია“. ამასთან, ძალიან მცირე ანაზღაურებას უხდის სასტუმროში დასაქმებულებს“– აღნიშნა ბაკურიძემ tspress-სთან საუბრისას.
ბაკურიძე 2011 წელს გაზეთ prime time-თან ინტერვიუში ჭყონიას სიტყვებსაც იხსენებს: „ქობულეთელების ტვინი 2 თვე მუშაობს, ძალიან მცირეაო“ და მას ქობულეთელთათვის ბოდიშის მოხდას სთხოვს.










