პოლიტიკური გაკოტრება

2012.08.21 ავტორი: მარიამ მეგრელიშვილი

„ბანკი ქართუ“ გაკოტრების პირასაა. გადარჩენის ერთადერთი გზა სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილებაა. ბანკის პრეზიდენტის, ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, თუ სასამართლო „ქართუ ბანკის“ საჩივარს არ დააკმაყოფილებს, ბანკი არალიკვიდური გახდება. ეს კი, ბანკთან ფინანსურ კავშირში მყოფ ათასობით ადამიანს დააზარალებს.

                             


თავდასხმიდან - ყადაღამდე

 

ბანკის ირგვლივ სკანდალი, დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო. 2011 წლის 18 ოქტომბერს  „ბანკ ქართუზე“ სახელმწიფოს მხრიდან პირველი ჩარევა განხორციელდა.

-„სს „საქართველოს ბანკის“ სათაო ოფისის ტერიტორიაზე ინკასაციის განხორციელების დროს სამართალდამცავებმა  სს „ბანკი ქართუს“  6 თანამშრომელი დააკავეს. სამართალდამცავების მიერ ჩამორთმეულ იქნა სს „ბანკი ქართუ“–ს კუთვნილი საინკასაციო ბრონირებული მანქანა და ბანკის სალაროს გამაგრების მიზნით გადასაზიდი ბანკის კუთვნილი ფულადი სახსრები 2,000,000 (ორი მილიონი) აშშ დოლარისა და 1,000,000 (ერთ მილიონი) ევროს ოდენობით. საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194–ე მუხლის  მესამე ნაწილით ( უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება) განსაკუთრებით დიდი ოდენობით)“ - ნათქვამია „ბანკი ქართუს“ მაშინდელ ოფიციალურ განცხადებაში.

 

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ საქმეში „საქართველოს ბანკიც“ ფიგურირებდა, მეორე დღიდანვე შემოწმება მხოლოდ „ბანკ ქართუში“ დაიწყო და ბანკის კუთვნილი თანხა დაყადაღდა.

 

„ბანკ ქართუს“ ხელმძღვანელობა ყველანაირ ბრალდებას უარყოფდა და შემოწმების პროცესის შეწყვეტას, თანხის დაბრუნებას და ბანკისთვის თავისუფლად ფუნქციონირების საშუალებას მოითხოვდა. მათი განცხადებით, ბანკის წინააღმდეგ ჩადენილი ყველანაირი ქმედება პოლიტიკურად მოტივირებული იყო, ვინაიდან ფაქტამდე ორი კვირით ადრე, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბებისა და საპარლამენტი არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესახებ განცხადება გააკეთა.

 

ხელისუფლების მხრიდან საკმაოდ მწვავე ბრალდებებისმიუხედავად, 2012 წლის 10 იანვარს პროკურატურამ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ თავდასხმის დროს ამოღებული და დაყადაღებული თანხა ბანკს დაუბრუნდა, თუმცა, გამოძიება ამ ფაქტთან დაკავშირებით მაინც გაგრძელდა.

 

-„შემდეგ ამას მოჰყვა უპრეცედენტო ფაქტი: მიიღეს სპეციალური კანონი, რომლის თანახმადაც კომერციული ბანკის უპირატესობა საგადასახადო ორგანოებთან მოიხსნა და ქონება, რომელიც იყო ჩადებული „ბანკ ქართუში“ კრედიტების სანაცვლოდ გადავიდა ჯერ სახელმწიფოს ხელში, ხოლო შემდეგ კაპიკებად გაიყიდა. საინტერესოა, რომ საქართველოში მოქმედი 20-მდე ბანკიდან ეს ნორმა მოქმედებდა მხოლოდ ქართუს მიმართ,“ - აცხადებს ნოდარ ხადური.

 

შემდეგი ნაბიჯი, რომელიც „ბანკი ქართუს“ წინააღმდეგ განხორციელდა, 2012 წლის 12 მარტს ბანკის 82 204 ლარით დაჯარიმება იყო. კონტროლის პალატის განცხადებით, „ფინანსური სანქცია გამოწვეული იყო კანონისათვის გვერდის ავლის მიზნით განხორციელებული ფინანსური ტრანზაქციის ფაქტით“.

 

კონტროლის პალატის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბანკმა თავის ორ თანამშრომელს პრემიის სახით ჩაურიცხა ჯამში 82 204 ლარის ოდენობით თანხა, რომელიც შემდეგ კოალიცია „ქართული ოცნების“ ანგარიშზე უნდა გადაერიცხათ, თუმცა, ბანკის თანამშრომლებმა: ქურდაძემ და ხუხუნეიშვილმა ამაზე უარი განაცხადეს და ამის შესახებ სატელევიზიო ეთერში ღიად ისაუბრეს.

 


დაყადაღება - გაკოტრების ინსტრუმენტი

 

მიმდინარე წლის ივნისის თვეში კი, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ „ქართუ ბანკის“ აქციების 100% დააყადაღა. ეს გამოწვეული იყო იმით, რომ ბიძინა ივანიშვილი უარს ამბობდა დაკისრებული ჯარიმის 74 325 065 ლარის ოდენობით გადახდაზე. (საუბარია, „გლობალ ტვ“-ის მიერ ანტენების მოსახლეობისათვის გადაცემისათვის 63 110 095 ლარის და შპს „ბურჯის“ და „ავტო ბურჯის“ მიერ კოალიცია „ქართული ოცნებისთვის“ ავტომობილების მიქირავებისათვის 11 214 970 ლარის ოდენობით ჯარიმაზე.)

 

თუმცა, დაყადაღების მომენტისათვის ბიძინა ივანიშვილი ბანკის ოფიციალური მესაკუთრედ აღარ ითვლებოდა. ივანიშვილის ჯარიმის გადახდა, მაინც ბანკს დაეკისრა.

-„ბიძინა ივანიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ აპრილის ბოლოს ბანკი გაიყიდა და მას  მხოლოდ უცხოელი აქციონერები ჰყავს. მიუხედავად ამისა, ეროვნულმა ბანკმა და აღსრულების ეროვნულმა სამსახურმა, კონტროლის პალატის მითითებით, გადაწყვიტეს, რომ „ბანკი ქართუ“ ისევ ივანიშვილის საკუთრებაა. წარდგენილი საბუთებისა და უცხოელი ინვესტორების განაცხადების მიუხედავად, ბანკი მაინც დააყადაღეს და  დროებითი მმართველი დაუნიშნეს,“ - განაცხადა TSpress-თან საუბრისას ნოდარ ხადურმა.

 

დაყადაღებისას სახელმწიფომ კონტრარგუმანტად ის ფაქტი გამოიყენა, რომ კანონის თანახმად, ბიძინა ივანიშვილს აქციების გადაფორმებისა ან გაყიდვისას, უნდა მიემართა ეროვნული ბანკისთვის, რაც მას არ გაუკეთებია, ამიტომ გარიგება ბათილად ჩაუთვალა. აქედან გამომდინარე, აღსრულების ეროვნულ ბიუროს „ბანკი ქართუს“ აქციების დაყადაღების სრული უფლება მიეცა.

 

დაყადაღებული „ბანკი ქართუ“ აუქციონზე გაიტანეს, სადაც მისი საწყისი ფასი 75,94 მლნ ლარს შეადგენდა, თუმცა, მას არც ერთი მყიდველი არ გამოუჩნდა. ამიტომ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ბანკი იძულებითი მართვის რეჟიმში გადაიყვანა და მისი მართვა სახელმწიფოს და მის მიერ დანიშნულ მმართველს, ვლადიმერ უგულავას ჩააბარა. იძულებითი მართვის მიზანი, დროთა განმავლობაში ჯარიმის დაფარვა უნდა ყოფილიყო.

 

ამასობაში ბიძინა ივანიშვილმა სახელმწიფოს სასარგებლოდ, მისივე განცხადებით, კახეთში სტიქიით დაზარალებულთა მხარდასაჭერად, 80 მილიონი ლარი გადაიხადა. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დაადასტურა, რომ ბიძინა ივანიშვილმა დაკისრებული ჯარიმა სრულად დაფარა, რის შემდეგაც იძულებითი მართვა შეწყდა და „ბანკი ქართუ“ კვლავ ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა.

 


უგულავას "მემკვიდრეობა"

 

იძულებითი მართვის 13 დღის მანძილზე კი, ვლადიმერ უგულავამ ოთხი სასესხო ხელშეკრულების გაფორმება მოასწრო, რომელთა ჯამი 50 მლნ დოლარია. „ბანკი ქართუს“ მოქმედი პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, მან ეს განზრახ გააკეთა, რადგან ბანკის გაკოტრების დავალება ჰქონდა მიღებული საქართველოს ხელისუფლებისაგან.

 

ჯავახიშვილის განცხადებით, "მოთხოვნა" 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კრედიტების გაცემაზე არ განუხილავს არც საკრედიტო დეპარტამენტს, არც საკრედიტო საინვესტიციო კომიტეტს, არც რისკების მართვის დეპარტამენტს და არც აქტივ-პასივების მართვის სამსახურს, არც მისივე თქმით, ადასტურებს გადაწყვეტილების მიღების არსსა და მიზანს. ის დროებითი იძულებითი მმართველობის დროს მიღებული ყველა გადაწყვეტილების გაბათილებას მოითხოვს.

 

უგულავა პირველად საქართველოს პოლიტიკურ არენაში ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს გამოჩნდა. ის შევარდნაძის მთავრობაში ანტიკორუფციული საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე იყო. მოგვიანებით, ის „ტაოპრივატბანკს“ ხელმძღვანელობდა. ის "ქართუ ბანკთან" დაკავშირებით  კომენტარს არ აკეთებს.

 


 ბანკის გაკოტრების რეალური საფრთხე

 

ჯავახიშვილის  განცხადებით, თუ ბანკი უგულავას მიერ ერთ ერთ დეველოპერულ კომპანია "ბეტა მაქსთან"  დადებული ხელშეკრულების საფუძველზე თანხას 25 აგვისტომდე არ გადაიხდის, შესაძლოა, ისევ დროებითი მმართველი მოუვლინონ და გაკოტრებისკენ მიმართული გადაწყევტილების საფრთხის წინაშე კვლავ აღმოჩნდეს ბანკი.

 

"პარასკევს, 17 აგვისტოს, სააღსრულებო ბიურომ ნოტარიუს ნარგიზა მინდიაშვილის სააღსრულებო ფურცლის ბაზაზე წარმოგვიდგინა მოთხოვნა, გადავიხადოთ 12 მილიონამდე დოლარი. ამით შეიქმნება რეალური საფუძვლები, ხელისუფლებამ ნებისმიერი სანქცია გაატაროს ბანკის წინააღმდეგ. ეს კრედიტი კი ბანკს ლიკვიდობის საფრთხეს უქმნის, რადგან ჩვენ ამის შესრულების საშუალება არ გაგვაჩნია", - განაცხადა ჯავახიშვილმა.

 

„ბანკი ქართუს“ წარმომადგენლობა, მის წინააღმდეგ მიმართული უკანონო სანქციების სასამართლოში გასაჩივრების პარალელურად, მსოფლიო ბანკთან არსებულ საერთაშორისო ცენტრში იწყებს დავას, რომელმაც კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერ ბიძინა ივანიშვილისთვის პოლიტიკური მოტივით განხორციელებულ უკანონობასა და მიყენებულ ზიანს.

 

-„ბიძინა ივანიშვილის უფლებების დასაცავად შერჩეულ იქნა ისეთი ავტორიტეტული საერთაშორისო სასამართლო ინსტიტუტი, როგორიც არის მსოფლიო ბანკთან არსებული საინვესტიციო დავების განხილვის საერთაშორისო ცენტრი, რომელიც მდებარეობს ვაშინგტონში,“ - განაცხადა ერთ-ერთ პრეს-კონფერენციაზე კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეს-სპიკერმა მაია ფანჯიკიძემ.

 


რის მიღწევას ცდილობს ხელისუფლება

 

ამ ეტაპზე, „ბანკი ქართუ“ ხელმძღვანელობა სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია, რამაც, საბოლოო ჯამში, ბანკის მომავალი უნდა განსაზღვროს. წინააღმდეგ შემთვევაში კი, ბანკი გაკოტრებულად გამოცხადდება და დაზარალდებიან დიდი რაოდენობით მეანაბრეები, რომელთაც უკვე დაიწყეს კუთვნილი ანაბრების ბანკიდან გატანა, რადგან ბანკის გაკოტრების საფრთხე რეალურად დგას.

 

საფრთხე ბანკს ივანიშვილის მიერ ქართულ პოლიტიკაში ჩართვისა და მმართველი ძალის რეალურ კონკურენტად გამოჩენის შემდეგ გაჩნდა. აქციების გასხვისებამდე, ბანკის 100-ვე პროცენტი ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნოდა.

 

-„ხელისუფლება პოლიტიკურ ფაქტორებს უკავშირებს ერთ-ერთ მნიშნველოვან აქტივს ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით საქართველოში, რომელიც არის “ბანკი ქართუ” და რომელიც ფულთან დაკავშირებულია და, რა თქმა უნდა არსებობს იმის რისკი, რომ საარჩევნოდ ფულის მასა გავიდეს და ეს არაკონტროლირებადი იყოს. შესაბამისად, ხელისუფლება დაინტერესებულია, რომ მაქსიმალური კონტროლი ქონდეს ამ ფინანსურ რესურსებზე,“ - აცხადებს TSpress-თან საუბრისას ეკონომიკური ექსპერტი შოთა მურღულია.

 

სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებს, ბანკის მიმართ განხორციელებულ სხვადასხვა სახის თავდასხმებს, რასაც საზოგადოების ნაწილი და ზოგიერთი ექსპერტი  ხელისუფლების მიერ პოლიტიკური ფინანსების გაკონტროლების სურვილით ხსნის, რაც ივანიშვილის პოლიტიკურ ძალას სერიოზულ დაბრკოლებებს უქმნის. სამაგიეროდ, სრულიად უკონტროლო და გაუმჭვირვალეა ხელისუფლების პოლიტიკური ფინანსები, რომელიც ძალაუფლებასა და კანონმდებლობას მხოლოდ პოლიტიკური კონკურენტის წინააღმდეგ იყენებს, საერთო ჯამში, არათანაბარ და არასამართლიან პოლიტიკურ გარემოს ქმნის.

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

ხართ თუ არა ჰომოფობი?

კი

არა

მიჭირს პასუხის გაცემა

NED