მგზავრობა სიჩუმეში

2012.06.11 ავტორი:

“It's not true I had nothing on, I had the radio on” - Marilyn Monroe.

მანქანების დიდი მოყვარული არ გახლავართ, ამიტომ დღის განმავლობაში სხვადასხვა საზოგადოებრივ ტრანსპორტს ვიყენებ. ძირითადად, მაინც მიკროავტობუსებს, რადგან ისინი თითქმის ყველგან მიდიან და არც ისე დიდხანს უნდებიან გადაადგილებას.

 

 

როდესაც „მარშუტკების“ გამოცვლა დაიწყეს, თავიდან ძალიან მომწონდა ეს ცვლილება. თუმცა, როგორც კი მისი ფასი გავიგე, მივხვდი, ნაადრევი იყო ჩემი სიხარული. ასევე ნათელ წერტილად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ფეხზე მდგომი მგზავრები არ იქნებოდნენ. მაგრამ აქაც კოვზი ნაცარში ჩამივარდა. რა უნდა მექნა? პროტესტის ნიშნად თვეზე მეტი ავტობუსით ან მეტროთი ვსარგებლობდი. თავი 30-იანი წლების ფერადკანიანი მეგონა, მაგრამ აქ არაფერი შეცვლილა. როდესაც დაგვიანებებმა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა, მომიწია შევგუებოდი  ცვლილებას და ისევ სამარშუტო ტაქსებს მივადექი.

 

 

 

ესეც კიდევ ერთი ხისტი მეთოდით დანერგილი სიახლე. ნელ-ნელა გაქრა ძველი Ford Transit-ები და ყვითელი მიკროავტობუსები თბილისის ყველა ქუჩაზე გაჩნდნენ. სიცხის მიუხედავად, უმეტესობაში კონდიციონერი არ მუშაობს, მგზავრები ფეხზე დგანან, მძღოლი კი უნამუსოდ ხმამაღლა უსმენს  ქალაქურ, სუფრულ სიმღერებს. გამოსავალი მხოლოდ ერთია: ასვლის დროს, თუ ადგილი გხვდება, სასწრაფოდ ითვისებ და მერე ყურსასმენებით შეიარაღებული ელოდები დანიშნულების პუნქტთან მისვლას.

 

 

დაახლოებით ასეთი იყო ჩემი ყოველდღიური „სამარშუტკო“ ცხოვრება  მანამ, სანამ მორიგი სიახლე არ წავიკითხე ინტერნეტში. დილიდანვე ლინკების გაცვლა-გამოცვლა შეინიშნებოდა, სადაც სიტყვა რადიო და მიკროავტობუსი გადაჯაჭვული იყო. საღამოს, როგორც იქნა, მოვიცალე და ჩავუჯექი სხვადასხვა საიტებს, სადაც მსგავსი ინფორმაცია ეწერა. მიკროავტობუსებში რადიოსიგნალები გათიშეს. ზოგან მიზეზად  პლასტიკური გადახდის შეფერხება დაასახელეს, ზოგან რეკლამის დამკვეთისთვის მაქსიმალური კომფორტი (ოხ, ეს კომფორტი).

 

 

უი, კინაღამ დამავიწყდა...

 

წარმოიდგინეთ, სამსახურიდან მოდიხართ სახლში ძალიან დაღლილი და ერთი სული გაქვთ მიხვიდეთ, დაისვენოთ, ნორმალური საჭმელი ჭამოთ. ამ დროს კი მონიტორზე ხედავთ, როგორ ილუკმებიან ვიღაც ადამიანები, როგორ აატარ-ჩამოატარებენ საჭმელს ახლო ხედებით, როგორ გპირდებიან განკურნებას ძალიან იაფად, როგორ, როგორ, როგორ... თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ერთადერთი სურვილი მიჩნდება: რაც შეიძლება მძიმე საგანი ვესროლო მონიტორს და სამუდამოდ ჩავაჩუმო. არ გეგონოთ, რომ ყურსასმენები სახლში მქონდეს დარჩენილი ან უფროსი მეჩხუბა ან რამე მსგავსი, ეს ჩვეულებრივი, დაღლილი ადამიანის ფიქრებია, რომელსაც ზედმეტი ხმაური საშინლად აღიზიანებს.

 

დავუბრუნდეთ რადიოსიგნალებს, უფრო სწორად მათ გამორთვას. ოფიციალური მიზეზი ეს გახლავთ: „კომპანიებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ქალაქ თბილისში მგზავრთა გადაყვანას ახალი ყვითელი მიკროავტობუსებით, გაფორმებული აქვთ ხელშეკრულება დამოუკიდებელ იურიდიულ პირთან სარეკლამო მომსახურების თაობაზე. ხელშეკრულების მიხედვით, სარეკლამო კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს მიკროავტობუსებზე გარე რეკლამის განთავსება, ხოლო სამარშრუტო ტაქსების სალონში მონიტორების დამონტაჟება, სადაც განთავსდება სხვადასხვა ხმოვანი სარეკლამო რგოლები..." და ა.შ. და ა.შ. ბევრი მსგავსი რაღაც წერია ამ განცხადებაში.

 

სიმართლე გითხრათ, შეთქმულების თეორიების დიდი მოყვარული არ გახლავართ, მაგრამ ამ ყველაფერს რომ პოლიტიკური სარჩული აქვს, ამის დიდი ეჭვი მაქვს. ამაზე ძალიან ბევრი დაიწერა ინტერნეტში. ზოგს „ამერიკის ხმა“ გაახსენდა - საბჭოთა კავშირის დროს ჩუმად მომართული მიმღები, ზოგიც კიდევ იმ სიმღერებს მისტირის, რომლებსაც მძღოლები ხმამაღლა რთავდნენ და ა.შ. მაგრამ შედეგი ერთია, მალე მიკროავტობუსებში ისეთი უხერხული სიჩუმე იქნება, როგორც ლიფტში უცხო ადამიანებთან ყოფნისას. უბრალოდ ერთი განსხვავებით, ეს ლიფტი ძალიან დიდი ხანი იმოძრავებს, დაახლოებით საბურთალოდან ვარკეთილამდე (და პირიქით).

 

სადამდე გასტანს ეს დუმილი ჯერ-ჯერობით უცნობია. ბევრისთვის მივიწყებული ახალი ამბები რადიოთი, მალე ფუფუნება იქნება.

 

 

 

გიორგი კარანაძე 

ბლოგი
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

ვინ გსურთ იყოს ფოთის მერი?

დავით სარსანია

ირაკლი კაკულია

არც ერთი

სხვა

NED