გათანაბრებითი ტრანსფერი ცენტრალური ბიუჯეტიდან მიღებული თანხაა, რომლის გახარჯვა ადგილობრივ ხელისუფლებას სხვა ტრანსფერებისგან განსხვავებით ქალაქის საჭიროებისამებრ, საკუთარი შეხედულებით შეუძლია.2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, ფოთის მერია ცენტრალური ბიუჯეტიდან გათანაბრებითი ტრანსფერის სახით, წლევანდელთან შედარებით, 4 მლნ ლარით ნაკლებ თანხას – 1მლნ 300ათას ლარს მიიღებს.

უკავშირდება თუ არა ყოველივე ბოლო წლებში, ცენტრალური ხელისუფლების მიერ თვითმმართველობის ფინანსურ დასუსტებასა და ცენტრალიზებული მართვის გაძლიერებას?

ტრანსფერით ფინანსდება სხვადასხვა სახის ჯანდაცვისა და სოციალური, ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ასევე ნაწილდება ხელფასებზე და სხვა ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.

მიზნობრივი და სპეციალური ტრანსფერის შემთხვევაში კი, კონკრეტულ სამუშაოებს კონკრეტული თანხის ფარგლებში ცენტრი განსაზღვრავს და იქ ცვლილებების შეტანა მერიას არ შეუძლია. მაგ: თუ მიზნობრივი ტრანსფერი ფასადის შესაღებადაა გამოყოფილი, მისით სკვერი ვერ კეთილმოეწყობა.

ფოთის მერის, ვახტანგ ლემონჯავას განცხადებით, ცენტრალური ბიუჯეტიდან მიზნობრიობის გათვალისწინების გარეშე მიღებული თანხა „ფინანსური კომფორტის“ შემქმნელი იყო. მისი თქმით, შემცირება გარკვეული დისკომფორტს შეუქმნის მერიას, თუმცა ცენტალურ ხელისუფლებიდან მიღებული პირობით, ფოთის მიზნობრივი ტრანსფერის ოდენობა გაიზრდება.

რა სახის შეთანხმება არსებობს ადგილობრივ ხელისუფლებასა და სამინისტროს შორის, თუ მხოლოდ სიტყვიერი დაპირების იმედადაა დარჩენილი, მერს არ დაუკონკრეტებია. მან მხოლოდ ის განმარტა, რომ ადგილობრივი შემოსავლებით, სოციალური პროექტები და ხელფასები დაფინანსდება, გაზრდილი მიზნობრივი ტრანსფერი კი, მშენებლობასა და ინფრასტრუქტურას მოხმარდება.

–„გავაკეთებთ უფრო მეტი მოცულობის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ვიდრე 2011 წელს,“– განაცხადა ლემონჯავამ და აღნიშნა, რომ მოსახლეობისთვის მიცემულ პირობას 35– 40 %–თ შეასრულებს.

ეკონომიკურ საკითხებში ექსპერტის, ოთარ კონჯარიას განცხადებით, კარგია, როცა მიზნობრივი და სპეციალური ტრანსფერებით თვითმმართველობას გადაეჭრება სხვადასხვა სახის პრობლემები, თუმცა, ამ პროცესში ადგილობრივი ხელისუფლების გავლენა მიზერულია და ის მხოლოდ შემსრულებლის როლში გამოდის.

ექსპერტის შეფასებით, გათანაბრებითი ტრანსფერის 4 მლნ ლარით შემცირება ხელისუფლების ორგანოების მიერ განსახორციელებელი პროგრამების და ღონისძიებების დაუფინანსებლობას გამოიწვევს, უკეთს შემთხვევაში კი, საგრძნობლად შემცირდება, რადგან ადგილობრივ ბიუჯეტში საგადასახადო და არასაგადასახადო შემოსავლები ძალიან მცირეა.

–„პატარა ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ეკონომიკური აქტივობა დაბალია, ბიზნესსექტორი სუსტადაა განვითრებული. ამასთან ქონების გადასახადში არსებობს საგადასახადო შეღავათები, რაც ბიუჯეტის შემოსავლების სიმცირეს განაპირობებს. დღემდე, ფოთის ბიუჯეტის შემოსავლების დიდი ნაწილის ფორმირება ხდებოდა ცენტარლური ხელისუფბლეიდან მიღებული ტრანსფერების ხარჯზე, ახლა კი გათანაბრებითი ტრანსფერის შემცირებით, შემცირდება ბიუჯეტის შემოსავალიც,“– განმარტავს კონჯარია. ექსპერტის თქმით, ყოველივე ბოლო წლებში, ცენტრალური ხელისუფლების გატარებული პოლიტიკის შედეგია, რაც თვითმმართველობის ფინანსურ დასუსტებას და ფორმალურ დეცენტრალიზაცის უკავშირდება.

კომენტარები