ნინო ბურჯანაძის გუნდსა და მის პოლიტიკაზე საუბარი ივანიშვილმა სიმბოლურად, 7 ნოემბერს დაიწყო. მისი განცხადებით, ის მზადაა ითანამშრომლოს ბურჯანაძესთან. ივანიშვილთან თანამშრომლობის შესახებ საკუთარი გეგმები და მოსაზრებები ბურჯანაძეს საჯაროდ ჯერ არ გამოუთქვამს.ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლისთანავე დაასახელა ის პოლიტიკური ძალები, ვისთანაც თანამშრომლობას არ გამორიცხავდა და ვისაც ემიჯნებოდა. მისთვის მისაღები პოლიტიკურ გუნდი მხოლოდ „თავისუფალი დემოკრატები“ (ალასანია) და „რესპუბლიკელები“ აღმოჩნდა.

„ქართული პარტია“, „ახალი მემარჯვენეები“, „ლეიბორისტები“, „ქრისტიან დემოკრატები“ და სხვა პარტიებთან შესაძლო თანამშრომლობა თავიდანვე გამორიცხა, თუმცა, პიროვნულად მათ ზოგიერთ წარმომადგენელზე პოზიტიურად ისაუბრა და წარსული საქმიანობა მოუწონა. მაგ: სოზარ სუბარს სახალხო დამცველობის პერიოდი შეახსენა და თანამშრომლობა შესთავაზა.

თბილისის შემდეგ, ივანიშვილი, სავარაუდოდ, რეგიონის ოფისებსაც გახსნის. თუმცა, ფოთში წარმომადგენელი არ ჰყავს ივანიშვილის მოწონებულ ირაკლი ალასანიას პარტიას. ბურჯანაძის პარტიის სამეგრელოს კოორდინატორი ფოთელი გოჩა დოლბაიაა, მისი მოადგლე კი, ყოფილი “ახალი მემარჯვენე” და ჩინოვნიკი – სევერიან შენგელია.

ოპოზიციური პარტიების მსგავსად „რესპუბლიკური პარტიაც“ მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში აქტიურობს, ამჟამად კი, მათ ფოთში ოფისიც არა აქვთ. „რესპუბლიკური პარტიის“ ფოთის ორგანიზაციას გაიოზ ქინქლაძე ხელმძღვანელობს. მან 2010 წლის ადგილობრივი არჩევნებისას პარტიასთან წინაღმდეგობის გამო თავმჯდომარეობა დატოვა, თუმცა, ამჟამად, 23-კაციანი შემადგენლობით, ისევ „რესპუბლიკელებთანაა“. მისი მოადგილეა, ექიმი გია გოგინავა.

ივანიშვილის პარტიის ადგილობრივ წარმომადგენლებად, სავარაუდოდ, მის მიერ მოწონებული პარტიების ადგილობრივი წარმომადგენლები მოგვევლინებიან.

ივანიშვილის პარტიის თავმჯდომარედ დანიშვნის შანსი გოჩა დოლბაიას(ბურჯანაძის პარტია), სევერიან შენგელიას(ბურჯანაძის პარტია), გაიოზ ქინქლაძეს(რესპუბლიკელები) და გია გოგინავას (რესპუბლიკელები)აქვთ.

ვინ არის გოჩა დოლბაია? Image 65

მაისის აქციების შემდეგ ბურჯანაძემ ფოთის ორგანიზაციის ოფისი დახურა, მაგრამ პარტიის სამეგრელოს კოორდინატორის, გოჩა დოლბაიას განცხადებით, ისინი უხლოეს დღეებში გააქტიურდებიან: – „ველოდებით დირექტივებს ლიდერებისგან და პოლიტიკური აქტიურობას მას შემედეგ დავიწყებთ. ჯერ არაა გადაწყვეტილი ივანიშვილის გუნდთან ერთად, თუ ცალკე ვიმოქმედებთ,“ – განაცხადა მან.

დოლბაიას პოლიტიკაში მოსულ ბიზნესმენთან მუშაობის გამოცდილება აქვს, ის ფოთში პატარკაციშვილის მოძრაობას ედგა სათავეში.

მისი საზოგადოებრივ-პოლიტიკური საქმიანობა 1995–1996წლებში სახალხო მოძრაობა „სამეგრელოდან“ დაიწო, რომელიც რუსეთში მოღვაწე ალექსანდრე ჭაჭიასთან ერთად დააფუძნა. მას შემედეგ დოლბაია კერძო სექტორში საქმიანობდა, თუმცა, მოგვიანებით ბიზნესს პოლიტიკური საქმიანობაც შეუთავსა და ასე აგრძელებს დღემდე.

ის თითქმის ყველა არჩევნებში მონაწილეობს. დოლბაიამ ერთ წელიწადში (2008წ) ოთხი პარტია გამოიცვალა. არჩევნების პერიოდში მის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გარიგებაზე: „ნაციონალებისთვის“ ხმების მიყიდვაზე საუბრობდნენ. მას „ალიანსის“ კანდიდატი, ზვიად შუბითიძე გარიგების შეთავაზებაში ღიად ადანაშაულებდა:

-„არჩევნების დღეს, ხმების დათვლის დროს, ოფისში გვესტუმრა „თოფაძე– მრეწველების“ კანდიდატი, გოჩა დოლბაია, რომელიც ამჟამად, ოფიციალურად ბურჯანაძის პარტიაშია და მე–14 უბანში ალიანსის მიერ აღებული ხმების მიყიდვა გვთხოვა,“– აცხადებდა tspress.ge- სთან საუბრისას შუბითიძე.

მისი იმდროინდელი განცხადებით, უარის მიღების შემდეგ დოლბაიამ მშვიდად დატოვა ოფისი. მათი ინფრომაციით, „მრეწველებს“ სხვა უბნების მონაცემებით, უკვე ჰქონდათ საკმარისი ხმები და ამ ერთი უბნის ხმები მათი შედეგისთვის არ იყო გადამწყვეტი. „ალიანსი“ ამტკიცებდა, რომ დოლბაია მმართველი პარტიის მიგზავნილი იყო.

-„ რაში მჭირდებოდა, როცა ხმები 1000– ს გადაცილებული იყო და მყოფნიდა… ინტრიგა გამიგია, მაგრამ ასეთი უსაფუძვლო არაფერი გამიგია. საერთოდ გათახსირდა ეს ქალაქი, რას არ კადრულობენ“– ასეთი იყო დოლბაიას პასუხი ბრალდებაზე.

დოლბაია 2002– 2003წწ. ფოთის მერიის მოსაკრებლის სამსახურის უფროსი იყო.

2005 წელს „კონსერვატიული პარტიის“ წევრი გახდა, მისი სიით 2006 წლის ადგილობრივ არჩევნებში საკრებულოში შევიდა, თუმცა 1 წელიწადში პარტია დატოვა და საკრებულოში უპარტიო სტატუსით დარჩა.

2007–2008 წწ ბადრი პატარკაციშვილის ფოთის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყო, მისი გარდაცვალების შემდეგ „ქალთა პარტიის“, „ტრადიციონალისტებისა“ და „ჩვენი საქართველოს“ ბლოკით საპარლამენტო არჩევნებში იყარა კენჭი, თუმცა, დამარცხდა.

2008წლიდან დღემდე ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობა საქართველოსთვის” სამეგრელოს კოორდინატორი და ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარეა.

2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია ბურჯანაძის პარტიას, თუმცა, დოლბაიასთვის ამას ხელი არ შეუშლია თავად მიეღო არჩევნებში მონაწილეობა და დროებით „მრეწველებში“ გადავიდა. მათი სიით ის დღეს ფოთის საკრებულოს წევრი და ინფრასტრუქტურულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეა. არჩევნების შემდეგ კი, დოლბაია კვლავ ბურჯანაძის პარტიას დაუბრუნდა.

ვინ არის სევერიან შენგელია? Image 66

სევერიან შენგელია ბურჯანაძის „სახალხო კრების“ ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე და ადგილობრივ ორგანიზაციებში დოლბაიას „მარჯვენა ხელია“.

შენგელია 1980–იან წლებში პარტიულ-სამეურნეო თანამდებობებზე მუშაობდა.

1995–1999 წწ – სოფლის მეურნეობის საქალაქო ინსპექციის უფროსი იყო,

1999–2001 წწ –”აგრომრეწვბანკის” უფროსი.

2002 წელს „ახალი მემარჯვენეების“ ფოთის ორგანიზაციის დამფუძნებელი და თავმჯდომარე, საკრებულოს წევრი.

2003წელს „მემარჯვენეების“ მიერ ვარდების რევოლუციაში“ არ მონაწილეობის გამო, როგორც ამბობს, დავით გამყრელიძესთან კონფლიქტის შემდეგ პარტია დატოვა.

2005-2007 წწ ფოთის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი. ამ პერიოდში მას შეჭირვებული მოსახლეობის ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამიდან საკრებულოს იმჟამინდელი თავმჯდომარითვის, დავით შურღაისთვის თანხის უკანონოდ გადარიცხვას ედავებოდნენ, თუმცა, თავმჯდოამრეს 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, შენგელია კი ჯანდაცვის სამსახურიდან მშენებლობისა და არქიტექტურის სამსახურში გადაიყვანეს. სავარაუდოდ, მისი დაჭერას “გადარჩენა” პროკურატურასთან “თანამშრომლობამ” განაპირობა.

ფოთის ამჟამინდელი მერის, ვახტანგ ლემონჯავას მიერ გაკეთებული განცხადებით, შენგელია ქრთამის, 100 დოლარის სანაცვლოდ უკანონო მშენებლობების ნებართვებს გასცემდა და უკანონოდ ასხვისებდა მიწებს. შენგელიამ მერის მიერ მის მიმართ ამ კორუფციულ ბრალდებაზე კომენტარი არ გააკეთა, თუმცა, არც პროკურატურას დაუწყია აღნიშნული განცხადების საფუძვლების ძიება.

ვინ არის გაიოზ ქინქლაძე?

გაიოზ ქინქლაძემ პოლიტიკური საქმიანობა 1988 წელს ილია ჭავჭავაძის სახელობის საზოგადოებაში დაიწყო. ამავე წელს, ფოთში მოძრაობა „სახალხო ფრონტი“დააფუძნა.

1991– 1998წწ იყო „ლიბერალური –დემოკრატიული პარტიის“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე.

1996– 1998წწ – საკრებულოს სათათბიროს მდივანი; 1999 წელს – „მოქალაქეთა კავშირის“ წევრი; 2002– 2004წწ – ა/ო „მუნიციპალური განვითარების ცენტრის“თავმჯდომარე;

2003– 2004წწ – „მოქალაქეთა კავშირის“ სიით ფოთის საკრებულოს წევრი;

2002– 2005წწ – „ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის ორგანიზაციის დამფუძნებელი, თავმჯდომარე და წევრი. 2008-დან დღემდე, რესპუბლიკური პარტიის წევრი, წელს კი-ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე.

ქინქლაძეს განცხადებით, „რესპუბლიკური პარტიის“ ყრილობის შემდეგ გახდება ცნობილი როგორ იმოქმედებენ.

ვინ არის გია გოგინავა? Image 67

გოგინავას ექიმობის 29-წლიანი სტაჟი აქვს. 1982 წლიდან დღემდე ის ფოთში ექიმ–თერაპევტად მუშაობს.

საზოგადოებრივი– პოლიტიკური საქმიანობა 1989 წელს, „ეროვნული მოძრაობიდან“ დაიწყო.

1992– 2002 წწ მსახურობდა პროფესიული სამხედრო სამსახურში, რა დროსაც მისი თქმით, რომელიმე პარტიის წევრობა ეკრძალებოდა.

2002 წლიდან დღემდე, არის „რესპუბლიკური პარტიის“ ფოთის ორგანიზაციის წარმომადგენელი.

2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „რესპუბლიკური პარტიის“ ფოთის ცენტრის უბნის მაჟორიტარობის კანდიდატი იყო, თუმცა, საკრებულოში ვერ მოხვდა. 2008 წელს კენჭს პარლამენტშიც იყრიდა, თუმცა არც აქ გაუმართლა.

შეაჩერებს თუ არა ფოთში ამ პოლიტიკურ წარსულის ადამიანებზე ივანიშვილი არჩევანს, უცნობია, თუმცა, ოთხივე მათგანს ჯერჯერობით, თანაბარი შანსები აქვს.



კომენტარები