ფოთში, აკაკის ქ.110-ში არსებულ სამრეცხაოს შესასვლელთან, მერის ერთპიროვნული ბრძანებით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, დღეს, შუადღისას, კედლის აღმართვა დაიწყეს.

ადგილზე მიმდინარე კედლის მშენებლობას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი, ჯუნა სიჭინავა ხელმძღვანელობდა. ავტოსამრეცხაოს მეპატრონე, მამუკა ახობაძე აღნიშნულ მშენებლობას უკანონოდ მიიჩნევს, რადგან მას გზიდან მანქანების შესასვლელი ეკეტება და შესაბამისად, საქმიანობა ეზღუდება. მისი თქმით, მანამდე მას თავად მერმა დაურეკა და ავტოსამრეცხაოს დემონტაჟი მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამრეცხაომდე მიმავალი გზის ბლოკირებით დაემუქრა. „მან ეს მუქარა დღეს განახორციელა,“-აცხადებს ახობაძე, რომელიც შიშობს, რომ მისი საქმიანობის პარალიზება, აღებული კრედიტის გადახდაში ხელს შეუშლის.

თავად ფოთის მერი, ვახტანგ ლემონჯავა აღიარებს, რომ სამრეცხაო ახობაძის კერძო საკუთრებაა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ მას შესთავაზა ალტერნატივა, რასაც, მისივე თქმით, ახობაძე არ დაეთანხმა. თუმცა, ამის შემდეგ მერმა კედლის აშენება მაინც გადაწყვიტა. „ჩვენ აღვადგენთ ისტორიულად არსებულ კედელს, რომელიც თავის დროზე უკანონოდ გამოანგრიეს ყურაშვილებმა და კორპუსებს შორის გაიყვანეს გზა. თავის დროზე არაკანონიერად დაშლილი ღობის მთლიანობას აღვადგენთ, “-აცხადებს ლემონჯავა. თუმცა, ამის დამადასტურებელი დოკუმენტი მას არ წარმოუდგენია.

მერის თქმით, მანქანის ნარეცხი ბინძური წყალი კორპუსის ეზოს ტბორავს, რასაც სიცრუეს უწოდებს ახობაძე. მისი თქმით, ნარეცხი წყალი სპეციალურად მოწყობილ ჭაში ჩაედინება(იხ. ფოტო) ახობაძე აცხადებს, რომ მერმა მას ადგილის შეცვლა სიტყვიერად შესთავაზა, რაც დამატებით ხარჯებთან იყო დაკავშირებული, რისი გაღების არც საშუალება და არც სურვილი მას არ გააჩნდა.

ახობაძის ადვოკატის, ედიშერ კუტალიას თქმით, პირველ რიგში, ეს არის სამეწარმეო საქმიანობაში ხელის შეშლა, რომელიც კანონით დასჯადია. “გამოვითხოვთ ადმინისტრაციულ აქტს მერიიდან და რაიმე სახის უკანონობის შემთხვევაში, გავასაჩივრებთ ადმინისტრაციულ ორგანოში, ხოლო უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, სასამართლოში,“- აცხადებს ადვოკატი.

მისივე თქმით, აღნიშნული კედლის აღმართვა ამასთანავე საფრთხეს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობის საევაკუაციო გეგმას, რადგანაც ხანძრის ან რაიმე სხვა უბედურების შემთხვევაში, არ არის პირდაპირი გზა სადარბაზოებისაკენ. იმავეს აცხადებს კორპუსის ბინადართა ნაწილი, რომელსაც tspress.ge ესაუბრა.

მშენებლობის ადგილზე იმყოფებოდა ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი, თემურ წურწუმია და საკრებულოს წევრი ვახტანგ დარცმელიძე. წურწუმიამ განაცხადა, რომ აღნიშნული მშენებლობა „გაუგებარია“ და თუკი ის სამანქანო გზას კეტავს, მისი მშენებლობა საქმიანობაში ხელშეშლაა.“ მშენებლობა ხელშეშლად შეაფასა დარცმელიძემაც.

მშენებლობის პროცესში მისულმა, ადმინისტრაციული ზედამხედველობის უფროსმა, მიხეილ აკობიამ კი, სახეზე ხელი აიფარა, ჟურნალისტს გადაღების საშუალება არ მისცა და ტერიტორიას, კომენტარის გარეშე, სწრაფად გაეცალა.

სამრეცხაოს მიმდებარე კორპუსის ერთ-ერთი მაცხოვრებლის თქმით, ხელისუფლება სტადიონის გაკეთებას დაპირდა. „ხელისუფლება ეზოს კეთილმოწყობისა და გალამაზებისათვის რაღაცას აკეთებს, ამიტომ ყველა უნდა დაემორჩილოს,“-ამბობს ის. მან ვინაობის დასახელება არ ისურვა, თუმცა, მისი თქმით, მერმა მას ბინის წინ, კერძო საკუთრებაში არსებული მაღაზია დაუნგრია, რის მიზეზადაც, მერის სურვილი დაასახელა. „მერს ასე უნდოდა,“- განაცხადა მან.

სამრეცხაოს ეზოში მდებარე კორპუსებში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი tspress.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ეზოში არსებული სამრეცხაოთი მათ პრობლემა არ ექმნებათ. „ეზო ყოველი წვიმის მოსვლის დროს იტბორება და აქ სამრეცხაოს წყალი არაფერ შუაშია. ერთი ამ კანალიზაციის მუდამ სავსე ჭას მიხედონ, სიბინძურე ეზოში რომ გადმოედინება,“ -ამბობს მიმდებარე კორპუსის ერთ-ერთი მცხოვრები.

“ვის რაში უნდა უშლიდეს ხელს ეს ავტოსამრეცხაო? ამ დროში ადამიანს შემოსავლის წყარო აქვს და სხვაც ჰყავს დასაქმებული. ავტოსამრეცხაოს მიზეზით ეზო არ იტბორება, მათ აქვთ წყლის გამშვები და ჭაცაა გათხრილი. ბინებს შორის ღობე არასდროს ყოფილა, ახლა ამოაშენეს და რა საჭიროებას წარმოადგენს? პირიქით ხელისშემშლელია. კორპუსში მაცხოვრებელი ეზოში საკუთარ ავტომანქანას ვერ შეიყვანეს. მანქანები შემოვლითი გზით დაიწყებენ მოძრაობას, სამრეცხაოშიც მეორე ბინის ეზოთი შემოვლენ და შემდგომში ეს უფრო წარმოადგენს პრობლემას,“-აცხადებს ადგილობრივი მაცხოვრებელი , ზური შელეგია.

ორმწკრივიანი ბერკეტის კედლის ამოშენება საღამოსკენ დასრულდა.

მანამდე მერმა მოქალაქე ფხაკაძეს კუთვნილი მაღაზიის დანგრევა, ასევე უსაფუძვლოდ მოთხოვა. ფოთის მერს მოქალაქემ პოლიციაში უჩივლა ,რის შემდეგაც მას მერმა ალტერნატიული ფართი გამოუყო

ბოლო პერიოდში, ფოთში დანგრეულია 2700-ზე მეტი ავტოფარეხი და რამდენიმე მაღაზია, რომელთა უმრავლესობა კერძო საკუთრება იყო. არცე რთ მესაკუთრეს კომპენსაცია არ მიუღია. მერის განცხადებით, ქალაქში ყველა უსახური შენობის დემონტაჟი მიმდინარეობს. კეთილმოწყობა კერძო საკუთრების ხელყოფის ხარჯზე

Image 146

Image 136Image 145

Image 137 Image 147

Image 138Image 140

კომენტარები