ფოთელმა მეწარმემ, მამუკა ახობაძემ, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, პარლამენტსა და სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა. ის საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტის შესწავლასა და აღკვეთას ითხოვს.

ახობაძე, ფოთში, აკაკის ქუჩაზე #110-ში მდებარე ავტოსამრეცხაოს მეპატრონეა. მის ბიზნესსაქმიანობას პრობლემები, ფოთის მერის, ვახტანგ ლემონჯავას სიტყვიერი მითითებით, სამრეცხაოს შესასვლელთან კედლის აშენების შემდეგ შეექმნა. მანამდე, ქალაქის მერი მისგან სამრეცხაოს დემონტაჟს ითხოვდა წინააღმდეგობის შემთხვევაში კი ბიზნესის პარალიზებით ემუქრებოდა. მეწარმემ საკუთრების დემონტაჟზე უარი თქვა, რის შემდეგაც მერმა მუქარა შეუსრულა და სამრეცხაომდე მისასვლელი სახელდახელოდ ამოშენებული ღობით საავტომობილო გზა გადაუკეტა, რამაც მისი ბიზნესის პარალიზება გამოიწვია. ამის შემდეგ მეწარმემ „პროკრედიტბანკის“ ფოთის ფილიალსაც მიმართა და სესხის დაფარვის დროებით შეჩერება ითხოვა. მას მერის აღნიშნული ქმედება, ბანკიდან აღებული კრედიტი დაფარვაში უშლის ხელს.

ფოთის მერი ადასტურებს, რომ სამრეცხაო ახობაძის კერძო საკუთრებაა, მაგრამ მას შემდეგ რაც მეპატრონე შესთავაზებულ ალტერნატივას არ დათანხმდა, ობიექტის შესასვლელთან კედლის აშენება მაინც გადაწყვიტა. „ჩვენ აღვადგენთ ისტორიულად არსებულ კედელს, რომელიც თავის დროზე უკანონოდ გამოანგრიეს ყურაშვილებმა და კორპუსებს შორის გაიყვანეს გზა. თავის დროზე არაკანონიერად დაშლილი ღობის მთლიანობას აღვადგენთ, “-განაცხადა ლემონჯავა.

ახობაძის ადვოკატის, ედიშერ კუტალია აცხადებს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების ქმედება, კანონმდებლობით დასჯადია და ცენტრალურ ხელისუფლებას მომხდარის გამოძიებას სთხოვს.

კომენტარები