სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია ფოთის მერიისა და ინდმეწარმე მამუკა ახობაძის დავას კერძო საკითხად მიიჩნევს.

– „თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიასა და თქვენს, როგორც ინდმეწარმეს შორის არსებული კერძო სადავო საკითხი აღემატება სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის კომპეტენციას,“- ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს რწმუნებულის მოადგილე, ვახტანგ ცხადაია აწერს.

წერილი 27 სექტემბრითაა დათარიღებული, თუმცა, ადრესატს ის მერიის კანცელარიაში 12 ოქტომბერს, კონვერტის გარეშე გადასცეს.

ახობაძის ადვოკატის, ედიშერ კუტალიას თქმით, ფოთის მერია საჯარო სამართლის იურიდიული პირია, ხოლო, როცა მოდავე მხარეებს შორის ერთ-ერთი ადმინისტრაციული ორგანოა, საკითხის კერძო დავად მიჩნევა შეუძლებელია. მისი თქმით, გუბერნატორის ადმინისტრაცია ვალდებული იყო ინდმეწარმის მიმართვაზე რეაგირება მოეხდინა. ახობაძის თქმით, ის სასამართლოს უახლოეს მომავალში მიმართავს.

ადვოკატი ასევე აცხადებს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო წერილი ახობაძისათვის გაუხსნელი ჩაებარებინა, შესაბამისად მისი კლიენტი აუცილებლად გაარკვევეს ვინ გახსნა მისი წერილი ფოთის მერიაში.

მამუკა ახობაძემ გუბერნატორს დახმარებისათვის მიმდინარე წლის 13 სექტემბერს, წერილობით მიმართა. მან ზაზა გოროზიას ფოთის მერის, ვახტანგ ლემონჯავას მიერ მისთვის ბიზნესაქმიანობაში ხელშეშლის შესახებ აცნობა და საკითხში გარკვევა სთხოვა.

მეწარმისათვის ბიზნესსაქმიანობაში ხელშეშლა მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყო.ფოთის მერმა, ვახტანგ ლემონჯავამ მას ფოთში, აკაკის ქ.#110-ში მდებარე ავტოსამრეცხაოს დემონტაჟი მოსთხოვა, უარის შემთხვევაში, ბიზნესის ბლოკირებით დაემუქრა. ახობაძის უარის შემდეგ, მერის სიტყვიერი მითითებით, მას სამრეცხაოს შესასვლელი სამშენებლო ბლოკებით ამოუშენეს.

ახობაძემ დახმარებისათვის საქართველოს პარლამენტს,ფოთის მაჟორიტარ დეპუტატს, თემურ წურწუმიას, სახალხო დამცველის ოფისს უკვე მიმართა.

კომენტარები