ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, კობა ცხადაიას თანამდებობიდან წასვლის შემდეგ საკრებულოში ახალი წევრი შევა.

საკრებულოს თავმჯდომარის, ივანე საღინაძის განცახდებით, ცხადაიას ჩამნაცვლებლის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა.

კანონმდებლობით, საკრებულოს წევრი ხდება იმ პოლიტიკური პარტიის საარჩევნო სიის შემდეგი ნომერი, რომელსაც ყოფილი წევრი წარმოადგენდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის რიგითობა ასე გამოიყურება: სპორტის სამსახურის უფროსი, ზურაბ ტიბუა, წინა მოწვევის საკრებულოს წევრი, შალვა ნასარაია, რესურსცენტრის დირექტორი, ნინო დვალიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი, მიხეილ ფირცხალავა.

ტიბუას განცხადებით, ის არჩევანს სამსახურის ხელმძღვანელობაზე აკეთებს, რადგან საკრებულოს წევრობა და აღმასრულებელ ხელისუფლებაში ყოფნა შეუთავსებელია.

-„მირჩევნია კვლავ პროფესიული დარგის კუთხით გავაგრძელო საქმიანობა და არ შევალ საკრებულოში,“– აცხადებს ტიბუა.

საკრებულოში შესვლაზე უარს არ ამბობს და საარჩევნო სიით კუთვნილი საკრებულოს წევრობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს შალვა ნასარაია.

-„არ ვიტყვი უარს, რომ მინდოდა, იმიტომაც ვიყავი სიაში,“– განაცხადა ნასარაიამ tspress.ge -სთან საუბრისას. მისი თქმით, ის ამჟამად უმუშევარია და საკრებულოს წევრობის უფლებამოსილების მინიჭებას ელოდება.

შალვა ნასარაიას საკრებულოში მუშაობის 10-წლიანი გამოცდილება აქვს.

მან პარტიული საქმიანობა „მოქალაქეთა კავშირიდან“ დაიწყო და „ნაციონალური მოძრაობაში“გააგრძელა. მისი ამჟამინდელი განცხადებით, „მოქალაქეთა კავშირთან“ ის მხოლოდ მეგობრობდა.“

2001– 2006 წწ. იყო ფოთის საკრებულოს თავმჯდომარისა და საბიუჯეტო კომისიის მრჩეველი.

2006– 2007 წწ. მატერიალური ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი.

2007 წელს, საკრებულოს წევრის კახა სვანიძის საკრებულოდან გასვლის შემდეგ, ნასარაია საკრებულოს წევრი გახდა.

2008– 2010 წწ. ის საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე იყო.

ნასარაიას სურვილის მიუხედავად, საკრებულოში ფირცხალავას კანდიდატურასაც განიხილავენ, რომელსაც სიით ნინო დვალიშვილი უსწრებს, თუმცა დვალიშვილი სკოლის დირექტორობიდან რესურსცენტრის ხელმძღვანლად ახალი დანიშნულია და მისი თქმით, „ბევრი საქმე აქვს გასაკეთებელი“.

საკრებულოში ფირცხალავას მოხვედრა ნასარაიას გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

დღეს 13:00 დანიშნული საკრებულოს სხდომა, რომელსაც ცხადაიას გადადგომის საკითხი უნდა განეხილა და გადაწყვეტილება მიეღო, არ ჩატარდა.

კომენტარები