ფოთში ახალ რაიონში მცხოვრებ დევნილთა პრობლემებს უმუშევრობასა და უსახსრობას, უამინდობა და ახლადმიღებულ ბინებში უკვე გაფუჭებული რემონტი დაემატა.

-„რემონტი ვაკეთოთ, თუ იმაზე ვიფიქროთ თავი რითი ვირჩინოთ და გავთბეთ?“- ამბობენ დევნილები.

კორპუსში, სადაც თბილისიდან გადმოსახლებული 32 დევნილი ოჯახი ცხოვრობს, კედლები ნესტმა დააზიანა. დევნილების თქმით, ყოველი წვიმის შემდეგ მდგომარეობა კიდევ უფრო რთულდება. კედლებზე ნესტის ლაქების ზომა იზრდება და ბათქაში ცვივა.

რამდენიმე ბინაში აივანზე დაგროვილმა წყალმა კარიდან გაჟონა და იატაკი გააფუჭა. ზოგან კი იატაკი თავიდანვე უხარისხოდ იყო დაგებული. ყველა კორპუსში ერთი და იგივე პრობლემაა.

კორპუსის ერთ-ერთმა მობინადრემ აბანოში ცოცხალი ბაყაყი იპოვა და აღწერაზე მყოფ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს მისი სიაში შეყვანა სთხოვა.

-„ამხელა ხარჯი გასწიეს და ხალხი მაინც უკმაყოფილოა. ფულს თუ ხარჯავ, საღორე კი არ უნდა იყოს, ერთი ოთახიც, რომ იყოს ნორმალურად უნდა გაკეთდეს,“-ამბობს ხანდაზმული მამაკაცი, რომლის ოჯახსაც სულადობის მიხედვით ორი ბინა შეხვდა, მაგრამ ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით, მეუღლესთან ერთად, დღეს შვილის ოჯახში ატარებს.

-„გვპირდებიან გავაკეთებთო. სამი თვის უკან ჩაბარებულ ბინას რატომ უნდა დასჭირდეს თავიდან გაკეთება. მშენებელი იმდენს ვერ უნდა მიმხვდარიყო, რომ იქ სადაც ნესტია და ზღვაური უბერავს, კედელს განსხვავებული დამუშავება უნდა?!“-ამბობს ერთ-ერთი.

პრობლემების გარდა, ერთიც აქვთ საერთო: ჟურნალისტებთან საუბარი მხოლოდ ვინაობის დამალვის შემთხვევაში სურთ.

-„ხშირად ვამბობთ, ჟურნალისტებთან მეტისმეტმა პირდაპირობამ ხომ არ ჩაგვაგდო ამ დღეში? თვეების განმავლობაში, როცა სამინისტროს ეზოში ვიყავით ყველა გაზეთთან და ტელევიზიასთან ჩვენ პრობლემებზე ვყვიროდით, საპატრიარქომ რომ შეგვიფარა და გამოგვაზამთრებინა, არც მაშინ გავჩუმებულვართ, ალბათ ამიტომაც დავისაჯეთ და ამ პირობებში გადმოგვაგდეს. ჩვენ ხელისუფლების მტრები არა ვართ, ელემენტარულ პირობებს ვითხოვთ!“-აცხადებენ დევნილები.

ახალი რაიონიწვიმის დროს ფანჯრიდან წყალი ჟონავს

ნესტისაგან გაფუჭებული კედელიდევნილთა ახალი რაიონი

ხედი ბინის ფანჯრებიდანდევნილთა ახალი რაიონი

კომენტარები