“ახალი მემარჯვენეები” პრესის გავრცელების ჯიხურების ხელახალი აუქციონის ჩატარებას ბეჭდვით მედიაზე ხელისუფლების ზეწოლას უწოდებენ. პარტიამ სპეციალური განცხადება დღეს გაავრცელა.

„ახალი მემარჯვენეები“ თბილისის მერიის გადაწყვეტილებას დედაქალაქში სავაჭრო ჯიხურების ხელალხალი აუქციონის ჩატარების შესახებ მივიჩნევთ ხელისუფლების კიდევ ერთ მცდელობად ზეწოლა მოახდინოს ბეჭდვით მედიაზე და უფრო ნაკლებად ხელმისაწვდომი გახადოს იგი მოსახლეობისთვის.

მერიის განცხადება, რომ ახალი აუქციონის მიზანია უსახური სავაჭრო ჯიხურების აღება და ქალაქის იერ–სახის გაუმჯობესება რეალურად არის სიცრუე, რადგან ყველა წინა აუქციონის საბაბად სწორედ ეს მიზეზი სახელდებოდა. როგორც ჩანს, ჯიხურები ყოველ წელს უნდა იცვლებოდეს, რომ მერიის გემოვნება დააკმაყოფილოს. ცხადია, ამის უკან გარდა ხელისუფლებასთან დაახლოებული კლანების კომერციული ინტერესებისა იმალება მცდელობა ხელი შეუშალონ მოსახლეობას ობიექტური ინფორმაციის მიღებაში.

ბეჭდვითი მედია რომ ხელშეწყობის გარეშე ვერ შეძლებს გაუძლოს კომერციულ კონკურენციას ეს ცხადზე უცხადესია დასავლური დემოკრატიული სახელმწიფოებისთვის და სწორედ ამ მიზეზით ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში ადგილობრივი მუნიციპალიტეტები ხელსაყრელ გარემოს უქმნიან მათ გავრცელებისთვის.

საქართველოში კი წლითიწლობით სულ უფრო რთული ხდება დამოუკიდებელი მედიასასუალებების არსებობა და პრესის გავრცელება.

ჩვენი აზრით, მედიაგამომცემლებს და გავრცელების სამსახურებს ყოველგვარი ტენდერებისა და აუქციონების გარეშე თვითონ უნდა მიეცეთ საშუალება შესთავაზონ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს პრესის გამავრცელებელი ჯიხურების პროექტები და მერიის ფუნქცია უნდა იყოს მხოლოდ ამ პროექტების დამტკიცება და მაქსიმალურად ხელსაყრელი ადგილების გამოყოფა მუნიციპალიტეტების მასშტაბით.

მოვუწოდებთ დედაქალაქის მერს ბატონ გიგი უგულავას გააუქმოს საეჭვო აუქციონის შედეგები და თბილისის მოსახლეობას მისცეს საკუთარი კონსტიტუციური უფლების – შეუფერხებლად მიიღოს და გავრცელოს ინფორმაცია, პრაქტიკულად რეალიზების საშუალება” – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები