ფოთის მერიამ კერძო საკუთრებაზე და მესაკუთრეებზე მორიგი შეტევა დაიწყო. მერიის ზედამხედველობის სამსახური 9 აპრილის ხეივანის #29-31 კორპუსების რამდენიმე მცხოვრებისაგან დაკანონებული ავტოფარეხების დანგრევას იურიდიული საფუძვლის გარეშე ითხოვს. მესაკუთრეებს tspress.ge-სთან საუბრისას განაცხადეს, რომ წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, მათზე ზემოქმედება სხვადასხვა მეთოდით ხდება.

მესაკუთრეების თქმით, მერიის სამსახურებისა და ქალაქის მერის, ვახტანგ ლემონჯავას მხრიდან მუდმივ ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდიან. მათთან დღეში რამდენჯერმე მიდიან და ხშირად სიტყვიერ შეურაცხყოფასაც აყენებენ.

Tspress.ge-სთვის მიცემული ინტერვიუს გამოქვეყნებაზე ერთ-ერთმა მათგანმა მოგვიანებით უარი ოჯახის წევრებზე განხორციელებული ზეწოლის გამო თქვა.

დანარჩენების თქმით, მათ დოკუმენტები წესრიგში აქვთ და კანონიერი საკუთრების დანგრევას კომპენსაციის გარეშე არ დაანებებენ. ოფიციალური დოკუმენტი ან წერილობითი გაფრთხილება კი არც ერთ მათგანს არ მიუღია.

-„უნდათ საკუთარი ხელით დავანგრიოთ. დაანგრიე და ერთჯერად მატერიალურ დახმარებას 150 ლარს გამოგიწერ წელსაც და მომავალ წელსაცო, მერმა გვითხრა. 5-ათასიან ქონებას მანგრევინებს და 300 ლარს მპირდება,“-ამბობს მანანა გოგავა.

მისი თქმით, მერმა მათი თანდასწრებით საკუთარ ხელქვეითებს გარაჟების ასაღებად 10 დღიანი ვადა მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამსახურიდან გაშვებით დაემუქრა.

მესაკუთრეებთან მორიგ შეხვედრაზე მისულმა ადმინისტრაციული ზედახედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა tspress.ge-სთან კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. კუნძულის უბნის მუნიციპალიტეტის უფროსის თქმით, ავტოფარეხების დანგრევის საფუძველი ეზოს კეთილმოწყობის პროექტია, თუმცა, მათ პროექტი ან რაიმე ადმინისტრაციული აქტი მოსახლეობისთვის არ წარმოუდგენიათ.

მოქალაქეებმა იურიდიული დახმარებისათვის „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ უკვე მიმართეს. ორგანიზაცია ფოთის მერიისათვის წერილობით მიმართვას ორშაბათს აპირებს.

კომენტარები