ფოთში 9 აპრილის ხეივანის #29-31-ში მცხოვრებლებმა ავტოფარეხები დაანგრიეს.

მესაკუთრეთა თქმით, მიზეზი პოლიციაში გამუდმებული დაკითხვებია, რადგან პოლიციაში მათ განუმარტეს, რომ ამხანაგობის კრების ოქმზე ხელმოწერები კანონით დადგენილ რაოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა.

– „ვიცოდით, რომ საჭირო იყო ორი მესამედის ხელმოწერა, მაგრამ ნამდვილად არ ვიცოდით, რომ სავალდებულო იყო მესაკუთრეების ხელმოწერები და ხელი მოსარგებლეებსაც მოვაწერინეთ. ეს გარაჟები იმდენი ათასი დაგვიჯდა, როგორ გგონიათ, შეგნებულად დავუშვებდით ასეთ შეცდომას?“-ამობს ერთ-ერთი მფლობელი.

მესაკუთრეები არ მალავენ, რომ მათ შეცდომა კანონის ნორმების არასათანადო ცოდნის გამო დაუშვეს, ფოთის მერიამ კი მათი გაუთვითცნობიერებლობით ისარგებლა და მათზე ზეწოლა პოლიციის გამოყენებით მოხდა.

ოთხივე მესაკუთრეს ავტოფარეხები რეესტრში ჰქონდათ გატარებული, მშენებლობის ნებართვები კი მერიის სამსახურებში ჰქონდათ აღებული.

„თუკი დოკუმენტებში დარღვევა იყო, რატომ არც ერთმა უწყებამ არ მიგვთითა აშენებამდე?“_ კითხულობენ ისინი.

9 აპრილის ხეივანის #29-31-ში მცხოვრებლების პრობლემები მას შემდეგ დაიწყო, რაც მერის, ვახტანგ ლემონჯავას მოთხოვნაზე ავტოფარეხები სამართლებრივი საფუძვლის მითითების გარეშე დაენგრიათ, უარი განაცხადეს.

მფლობელები მერისაგან საკუთრების დემონტაჟისათვის კანონით გათვალისწინებულ კომპენსაციას ითხოვდნენ. მათი პრობლემებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოც“ დაინტერესდა და მერისაგან მათი კონსტიტუციური უფლებების დაცვა მოითხოვა. მესაკუთრეებმა მერისაგან საკუთრების დემონტაჟის სამართლებრივი საფუძვლის მითითება წერილობით მოითხოვეს. საპასუხოდ, მერიამ განცხადებით პოლიციას მიმართა.

პოლიციის უფროსმა Tspress.ge-სთან კომენტარზე უარი განაცხადა.

თუმცა თავად მესაკუთრეებმა განაცხადეს, რომ პოლიციაში დაკითხვისას მათ განუმარტეს, რომ თუკი ავტოფარეხებს არ დაანგრევდნენ სერიოზული ფულადი ჯარიმის გადახდა მოუწევდათ, რის გამოც მათ საკუტრების დემონტაჟი გადაწყვიტეს.

კომენტარები