„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯეიმს ბონდის სახლში“- ასე აღწერს ბიძინა ივანიშვილის თბილისის ბიზნეს ცენტრში სტუმრობით მიღებულ შთაბეჭდილებას ბრიტანული „The Sunday Telegraph“-ის ჟურნალისტი, რომელიც იქ გასულ კვირაში, სხვა უცხოელ ჟურნალისტებთან ერთად სტუმრობდა.

ვრცელი სტატიის სრული თარგმანი “Foreighnpress”-მა გამოაქვეყნა.

„ბიძინა ივანიშვილი ის ქართველი მილიარდერია, რომლის სახელიც არასდროს გსმენიათ და რომლის ჰაი-ტექ სასახლე სავსეა ხელოვნების ფასდაუდებელი ნიმუშებით. მაგრამ მისი თქმით, ის მზადაა, საქართველოს გადარჩენას პრივატულობა შესწიროს.

მისი მინისა და ლითონის სასახლე საქართველოს დედაქალაქს, თბილისს ზევიდან ისე გადმოჰყურებს, თითქოს უფრო მეტს გამოხატავს, ვიდრე მუქარაზე მინიშნებას.

შემთხვევითი არ არის, რომ ვიზიტორებს მფლობელის თანამშრომლები ისე ხვდებიან, თითქოს ეუბნებიან: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯეიმს ბონდის სახლში“- წერს გამოცემა.

კომპლექსის აღწერისას წერილის ავტორს არაფერი გამორჩენია დაწყებული დაცვის უნიფორმის ფერით, მილიარდერის ჩაცმულობითა, საათის მოდელითა და ვარცხნილობით დასრულებული.

„გაიცანით ბიძინა ივანიშვილი, ქართველი ოლიგარქი ბანკირი, რომლის ქონება 3.5 მილიარდ ფუნტადაა შეფასებული და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ჩამონათვალში 185-ე ადგილზეა. 55 წლის მაგნატი, რომელსაც მეუღლე და ოთხი შვილი ჰყავს, წარსულში უჩინარი ადამიანი, ადამიანი-გამოცანა გახლდათ“- ასე ახასიათებს გამოცემა „მაღაროელის მილიარდერად ქცეულ შვილს, რომელიც გასულ თვეში, როგორც იქნა ჩრდილიდან გამოვიდა, პოლიტიკაში შეაბიჯა და თავისი მზერა ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში უმაღლეს თანამდებობას მიაპყრო.“

უცხოელ ჟურნალისტებს ივანიშვილმა საკუთარ კაბინეტში მასპინძლობდა, სადაც მისი საყვარელი ხელოვნების ნიმუშები აქვს გამოფენილი.

ხელოვნების ნიმუშებზე საუბრისას წერილის ავტორს არ ავიწყდება აღნიშნოს, რომ ივანიშვილს ორიგინალები ლონდონში აქვს შენახული, იმის შიშით, რომ ნაღდი ფულის მაძიებელი მთავრობა გამოსძალავს.

პოლიტიკაში მოსვლის მიზეზად ივანიშვილმა უცხოელ ჟურნალისტებთან ქვეყნის ინტერესები დაასახელა, „რათა გადაერჩინა მისი მშობლიური საქართველო მიხეილ სააკაშვილის მთავრობის მცოცავი დიქტატურისგან.“

„მათ მოკლეს დემოკრატია, თავიდან მოიშორეს მედია, და განსხვავებულ აზრს გასაქანს არ აძლევენ. ეს კლასიკური ავტორიტარული მთავრობაა და არსებობს ნიშნები იმისა, რომ ის დიქტატურად გადაიქცეს“-ციტირებს გამოცემა და დასძენს, რომ საქართველოს პრო-დასავლურმა მთავრობამ აშშ-ში განსწავლული იურისტით მიხეილ სააკაშვილით სათავეში, რომელსაც ივანიშვილთან ერთ დროს კარგი ურთიერთობა ჰქონდა, მისი პოლიტიკურ ოპოზიციაში გამოჩენის შოკური გადაწყვეტილება, სასტიკად მიიღო.

გამოცემის აზრით, პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილებით ივანიშვილმა თავისი ჯეიმს ბონდისეული ცხოვრების წესი გაასაჯაროვა და მის ოპონენტებში გაოცება გამოიწვია, რომლებიც მას კრემლის მარიონეტს უწოდებენ, რომელსაც ქვეყნის რუსულ ორბიტაზე დაბრუნება უნდა.

მმართველი პარტიის ბრალდებების გარდა, გამოცემა ბიზნესმენის რუსეთში დაგროვებულ აქტივებზეც წერს, რომლის გაყიდვაზე ივანიშვილმა პოლიტიკურ სარბიელზე გამოჩენის შემდეგ განაცხადა.

გამოცემის აზრით, საქართველოში პოლიტიკოსისთვის პრო-რუსულობის ბრალდება, სერიოზული ტვირთია, თუმცა აქვე მოჰყავს ივანიშვილის სიტყვებიც, რომ „ის არის ერთადერთი ფიგურა, რომელსაც ახლა ხალხი ენდობა და რომელსაც შეუძლია ამ ურთიერთობების აღდგენა და იმ ტერიტორიებისთვის ბრძოლა, რომელიც საქართველომ რუსეთის მხარდაჭერილ რეჟიმებთან დაკარგა.

„მე მინდა გავხდე პრემიერ-მინისტრი, ვიმუშაო ორი წელი და შემდეგ წავიდე და თავი მივუძღვნა საზოგადოებრივ საქმიანობას“, – ივანიშვილის პ
ოლიტიკური გეგმების ციტირებისას ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ მილიარდერი ოდნავ რუსული აქცენტით საუბრობს.

უცხოელ ჟურნალისტებთან ქონებაზე, ქველმოქმედებასა და თანასოფლელებისათვის დაწესებულ საჩუქრებზე საუბრისას ივანიშვილმა განაცხადა, რომ ქველმოქმედებაზე ყოველთვიურად 10 მლნ-ს ხარჯავს, ასევე ცდილობს კავშირი დაამყაროს საქართველოს თითქმის ყველა წამყვან ოპოზიციურ პარტიასთან – და თანახმაა დააფინანსოს ისინი.

ბატონი ივანიშვილი ამბობს, რომ მისი სიმდიდრის ყველაზე დიდი ხიბლი იმაშია, რომ ეს შესაძლებლობას აძლევს მას თავისუფალი იყოს მთავრობისგან, რომელიც ასე არ მოსწონს.

„რა არის მდიდრული ცხოვრების სტილი? მე მაქვს ვილა ჩემს სოფელში, ვილა სანაპიროზე და აქ. დაკავებული ვარ იოგათი ყოველდღიურად, ცოტა სპორტით, ვიკვებები დღეში ერთხელ, ვჭამ ხილს და ვსვამ დღეში ერთ ჭიქა ღვინოს. თვეში ერთხელ ვკრებ ახლო მეგობრებს. მაგრამ მე და ჩემს მეუღლეს თვალშისაცემი სიმდიდრე არ გვიყვარს.

ჩემი ფული ნიშნავს იმას, რომ მე აქ მცხოვრები ერთადერთი თავისუფალი ადამიანი ვარ. ისინი მე ვერ მაკონტროლებენ. მე შეიძლება პოლიტიკოსი არ ვარ, მაგრამ იმისთვის რისიც მწამს, ცხოვრების ბოლომდე ვიბრძოლებ“- ივანიშვილის ამ სიტყვებით სრულდება ვრცელი წერილი.

კომენტარები