დღეს ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებულ საქმეს განიხილავს.

თუკი სასამართლო, მეორე ტურის შედეგებს გააუქმებს, კანდიდატ ალლა ჯიოევას მომხრეები სამოქალაქო დაუმორჩილებლობით იმუქრებიან.

სასამართლო პროცესს ჯიოევა და მისი მომხრეები პროტესტის ნიშნად არ დაეწრებიან.

არჩევნების მეორე ტურის მსვლელობისას ამომრჩეველზე ზეწოლის შესახებ კანდიდატმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა. მისმა მომხრეებმა კი საჩივრით სასამართლოს მიმართეს.

ჯიოევას საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, მიხეილ ხანიკაევმა, სასამართლო განხილვას ხელისუფლების პროვოკაცია უწოდა, რადგან მისი თქმით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დარღვევების დაფიქსირებაზე ერთი განცხადებაც არაა შესული. ხელისუფლება კი პროვოკაციაზე შეგნებულად მიდის, რათა საზოგადოების პროტესტი გამოიწვიოს.

რაც შეეხება, ბიბილოვის მომხრეებს, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერმა, პარტია „ედინსტვოს“ თამვჯდომარემ, ზურაბ კოკოევმა, მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით იმოქმედებენ. ქვეყანაში შექმნილ სიტუაციაზე, კი პარლამენტარები დღეს საღამოს იმსჯელებენ.

თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარებულად გამოაცხადა. წინასწარი მონაცემებით, გამარჯვებული განათლების ექს-მინისტრი, ალლა ჯიოევა გახდა, თუმცა უზენაესი სასამართლოს მოთხოვნით, საარჩევნო კომისიას ჯერ საბოლოო შედეგები არ გამოუქვეყნებია.

სასამართლოს მიერ შედეგების ანულირების შემთხვევაში, შესაძლოა არჩევნების მესამე ტური დაინიშნოს.

არჩევნების პირველი ტური სამხრეთ ოსეთში 13 გაიმართა.

კომენტარები