2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩვენებსა და 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ყალბი პირადობის მოწმობების გამოყენების შესახებ ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან არსებობდა. თუმცა, მათი გამოყენების სქემა – წინასწარ დამზადებული ყალბი პირადობები, ამ ნომრების შეყვანა ცესკო-ს სიებში, სხვადასხვა რაიონიდან მოქალაქეთა ჩამოყვანა(რათა მორიდებისა და, ამასთან, მათი ამოცნობის მომენტი გამორიცხულიყო), რომლებიც თანახმანი, ან იძულებულნი იყვნენ დავალება შეესრულებინათ და მსგავსი პირადობებით უბნებზე ხმა მიეცათ, იმდენად დახვეწილი იყო, რომ გასულ არჩევნებზე მისი „გამოჭერა“, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო.
ფოთის შემთხვევაში წყარო 3 ათასი ყალბი პირადობის მოწმობის არსებობის შესახებ გვაუწყებდა. ერთ-ერთი რაიონიდან ჩამოყვანილი სამარშრუტო ტაქსის მძღოლი კი პირად საუბარში გვიყვებოდა, თუ როგორ დაჰყავდა არჩევნების დღეს უბნიდან უბანზე უცხო პირები და როგორ ხედავდა, თუ როგორ ურიგებდნენ პირადობის მოწმობებს მის მგზავრებს.
2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მხოლოდ ერთადერთი ფაქტი გახმაურდა – ბათუმში ერთ-ერთი ორგანიზაციის, „თავისუფალი განვითარებისა და უფლებათა დაცვის ასოციაციის“ ერთ-ერთმა დამკვირვებელმა, ყალბი პირადობით საარჩევნო უბანში გამოცხადებული ამომრჩეველი დააფიქსირა. თუმცა, შემჩნევისთანავე ეს უკანასკნელი გაიქცა: „უბანზე მოსულმა ერთ-ერთმა ამომრჩეველმა შემთხვევით გაიგონა მისი გვარი (ეროვნებით მოლდოველი იყო და უცხო გვარი ჰქონდა), რითაც წარუდგა რეგისტრატორს აღნიშნული პიროვნება. ის მაშინვე მივიდა ამ ამომრჩევლთან და ვინაობა ჰკითხა და როცა მისი სახელი და გვარი გაიგო, აღშფოთებულმა რუსულად მიმართა მოქალაქეს: „შენ ჩემი შვილი არ ხარ… ის ახლა გემზეა უცხოეთში, მე მას ამ დილით ველაპარაკე ტელეფონით“, რის შემდეგაც ხალხს მიმართა: „დამეხმარეთ, ეს არაა ჩემი შვილი და მის ნაცვლად აქვს პირადობის მოწმობაო“. თუმცა, საუბნო კომისიის თავმჯდომარის ხელშეწყობით, სხვისი მონაცემებით გამოცხადებულ მოქალაქეს პირადობის მოწმობა დაუბრუნეს, რომელშიც საკუთარი სურათი ჰქონდა ჩაკრული, ხოლო პირადი ნომერი და სხვა მონაცემები აღნიშნული ამომრჩევლის შვილის იყო, რის შემდეგაც ის უბნიდან გაიქცა და მიიმალა,”-იხსენებს ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ემზარ პაქსაძე მისი წარმომადგენლის მონათხრობს. ორგანიზაციამ აღნიშნული ფაქტის გამო, საჩივრით პროკურატურას მიმართა, მაგრამ სათანადო მტკიცებულების, ანუ ვიზუალური მასალის არარსებობის გამო, ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა.
ყალბი პირადობები, როგორც წარმატებული მეთოდი, 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებშიც გამოჩნდა.

2010 წელი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
ქ. ფოთი, 70-ე ოლქის 1 უბანი

ერთი შეხედვით, საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. დღის 12 საათისთვის უბანზე მოსულ ამომრჩეველს, საკუთარი პირადობის მოწმობის წარდგენის შემდეგ, რეგისტრატორი მიმოზა ყურაშვილი (ამავე საუბნო კომისიის თავმჯდომარის, გოჩა გიორგაძის სიდედრი) რეგისტრაციაში უპრობლემოდ ატარებს და თითქოს საეჭვოც არაფერია. პირადობის მოწმობაში მითითებულია პირადი ნომერი და პირის მაიდენტიფიცირებელი სხვა მონაცემები, რომელიც დადასტურებულია სამოქალაქო რეეესტრის ფოთის სამსახურის მაშინდელი უფროსის ბეჭდითა და ხელმოწერით. რეგისტრატორი მშვიდად ეძებს სიაში მის გრაფას, თუმცა, აღმოჩნდება, რომ ამომრჩევლის ნაცვლად, ხელმოწერა უკვე გაკეთებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული ამომრჩეველი უკვე ნამყოფია უბანზე, ან მის გრაფაში ვიღაცამ ხელი შეცდომით მოაწერა. რეგისტრატორი მას სიით შემდეგი ამომრჩევლის – ეკატერინე ჩარგაზიას გრაფაში ხელმოწერას სთავაზობს და საკუთარ ქმედებას ასე ხსნის: „ეკატერინე ჩარგაზიას შეეშალა, როგორც ჩანს, და ხელი სხვის გრაფაში მოაწერა“, თუმცა, მას ჩანაწერთა წიგნში წერილობითი განმარტების გაკეთება არც უცდია.
უბნის თავმჯდომარეს, გოჩა გიორგაძეს და მდივანს, ლალი ფაილოძეს მცირეოდენი აღელვება ეტყობათ. ისინი სიტუაციის განეიტრალებას ცდილობენ და ამომრჩევლის მაგივრად პასუხობენ, რომელსაც მის გრაფაში არსებული ხელმოწერის შესახებ არანაირი კითხვა არ უჩნდება. ის სწრაფად აწერს ხელს რეგისტრატორის მიერ მითითებულ მომდევნო გრაფაში, იღებს ბიულეტენს, აძლევს ხმას და გადის. ამ დაბნეულობის ფონზე, დამკვირვებელი პირადობის მოწმობის ფოტოების გადაღებას ახერხებს.

კომენტარები