„რესპუბლიკურმა პარტიამ“ გუშინ ბათუმსა და ზუგდიდში შიდაპარტიული არჩევნები გამართა, რომელზეც კომიტეტები და თავმჯდომარეები აირჩიეს. პარტიის წესდების თანახმად, ადგილობრივი კომიტეტები წელიწადში ერთხელ ირჩევა.
თავმჯდომარის არჩევამდე „რესპუბლიკელებმა“ კომიტეტები აირჩიეს. მის შემადგენლობაში ბათუმელი რესპუბლიკელები: ირაკლი ჩავლეიშვილი, ლალი ანდღულაძე, გიორგი თავამაიშვილი, თემურ ყურაშვილი და ვლასი ხიტირი შეიყვანეს, ხოლო ზუგდიდში ირაკლი კვარაცხელია, გიორგი თოდუა, მაია ღურწკაია, კახა ბულია, მანანა თოდუა და ზურაბ ლაშხია.
ბათუმის ორგანიზაციის ახალ თავმჯდომარედ გიორგი მასალკინი არჩევის შესახებ გადაწყვეტილება პარტიის კომიტეტის კრებამ, წუხელ გვიან ღამით, ხმათა უმრავლესობით მიიღო. მასალკინი „რესპუბლიკური პარტიის“ წევრია, იყო აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატიც. ამჟამად, ის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოღვაწეობს.
ზუგდიდის ორგანიზაციაში კი, თავმჯდომარის პოსტზე ხმათა უმრავლესობით კვლავ ნონა თოლორაია დარჩა. თოლორაია ამ პოსტზე უკვე მესამედ აირჩიეს. ის პროფესიით იურისტია.
ბათუმის კომიტეტში, ჯერჯერობით, ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელის ადგილი თავისუფალია, ხოლო ზუგდიდის ორგანიზაციის ახლაგაზრდული ფრთის ლიდერად, ანა რაფავა იქნა არჩეული.
შიდაპარტიულ არჩევნების ჩატარებას ქვეყნის მასშტაბით „რესპუბლიკური პარტია“ივნისის თვეში დაასრულებს. შემოდგომაზე კი, პარტიის დიდი ყრილობის ჩატარებას გეგმავს.
ბათუმსა და ზუგდიდში, კრების მუშაობაში „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, თინათინ ხიდაშელი მონაწილეობდა. საორგანიზაციო საკითხებთან ერთად, ბათუმში, რესპუბლიკელებმა ახალი ოფისის პრეზენტაციაც გამართეს.

კომენტარები