დღეს ზუგდიდში, ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის სააერთაშორისო საზოგადოებამ“ პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. საუბრის ძირითადი თემა, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, რამდენიმე პოლიტიკურ პარტიასა და ხელისუფლებას შორის ხელმოწერილი შეთანხმება იყო.
„ბედნიერი ვარ, რომ ჩემმა პარტიამ ამ შეთანხმებას ხელი არ მოაწერა“- განაცხადა პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ზუგდიდელმა ლიდერმა, საკრებულოს წევრმა, გია ალასანიამ და შეთანხმებას „პოლიტიკური აღებ–მიცემა“ უწოდა. ალასანიამ, მომავალი არჩევნებისათვის სიების სრულყოფის დაპირებაც ეჭვქვეშ დააყენა.
„რესპუბლიკური პარტიის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავჯდომარის, ნონა თოლორაიას განცხადებით, ამ შეთანხმების საფუძველზე, საარჩევნო გარემო „კოსმეტიკურადაც“ კი არ შელამაზდება. მისი თქმით, ხელისუფლებამ „რესპუბლიკელების“ მიერ მოთხოვნილი არც ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, მათ შორის, არც ბიომეტრიული პირადობის მოწმობების შემოღება გაითვალისწინა.
შეხვედრაზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, როცა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ სამეგრელო–ზემო სვანეთის წარმომადგენელმა, დავით ფაცაციამ განაცხადა, რომ წინა არჩევნებმა ტოტალური გაყალბების გარეშე ჩაიარა. „რესპუბლიკელთა“ წარმომადგენლებთან ხანმოკლე დაპირისპირების შემდეგ, ცენტრის წარმომადგენელმა განმარტა, რომ აუდიტორიამ მისი სიტყვები არასწორად გაიგო.
„არ მითქვამს, რომ არჩევნებმა დარღვევების გარეშე ჩაიარა, ვთქვი, რომ ტოტალურად არ გაყალბებულა. კონკრეტული დარღვევები კი ჩვენი ორგანიზაციის 48- გვერდიან მოხსენებაში კარგად ჩანს.“ –განაცხადა tspress. ge-სთან საუბარში ფაცაციამ.
შეხვედრას ზუგდიდის საოლქო კომისის მდივანი, ზაზა ხვიტიაც ესწრებოდა. მისი თქმით, საოლქო კომისია სიების მოწესრიგებაზე ინტენსიურად მუშაობს. მმართველი გუნდიდან შეხვედრას არავინ ესწრებოდა.
სოფო ხუბულავა

კომენტარები