2 ოქტომბერს თელავის საარჩევნო ოლქში 2008 წლის საქართველოს პარლამენტის 21 მაისის მაჟორიტარული წესით გასამართი შუალედური არჩევნები შედგება. არჩევნების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო.
შუალედური არჩევნები თელავის #17 საარჩევნო ოლქში პარლამენტის წევრის, გიორგი არსენიშვილის გარდაცვალების გამო დაინიშნა.
კომისიამ 2 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის გასატარებელი ღონისძიებებიც დაამტკიცა: საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი; სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესი; საარჩევნო ოლქის საზღვარი, სახელწოდება და ნომერი; საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი კონკურსის წესი, პირობები და ვადები. გამოცხადდა კონკურსი №17 თელავის საარჩევნო ოლქში კომისიის დროებითი წევრის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად. საბუთების მიღება 2-3 აგვისტოს იწარმოებს.
სხდომაზე კომისიამ მიიღო დადგენილება, რომლის თანახმად, სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელები, საზოგადოებრივი მაუწყებელი და ბეჭდვითი მედია (ბეჭდვითი მედია, რომელიც ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, წარადგენს ფართობის გამოყოფის შესახებ ინფორმაციას), ვალდებული არიან წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლიტიკური რეკლამისთვის საეთერო დროის ხანგრძლივობის, გრაფიკის და ტარიფების შესახებ ინფორმაცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ყოველი კვირის ორშაბათს 18:00 საათამდე წარუდგინონ.

კომენტარები