26 აგვისტოს დე-ფაქტო აფხაზეთში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. პრეზიდენტობისათვის სამი კანდიდატი იბრძვის: რაულ ხაჯიმბა, ალექსანდრ ანქვაბი და სერგეი შამბა. წინასაარჩევნო კამპანიისას, კანდიდატები გალის რაიონის სოფლების მოსახლეობას ხშირად ხვდებიან და არჩევნებში მონაწილეობას სთხოვენ, რისთვისაც აფხაზური პასპორტების აღებაა საჭირო.
როგორია წინასაარჩევნო განწყობა და პრეზიდენტობის კანდიდატთა შანსები, კონფლიქტური ზონის რიგითი მცხოვრების თვალით, tspress.ge-ს კონფიდენციალობის დაცვის გარანტიით, გალის ერთ-ერთი მკვიდრი ესაუბრა:
„საერთო განწყობა მოსახლეობაში ასეთია: არც განსაკუთრებული აგრესია და არც დიდი იმედი და ცვლილებების მოლოდინი არ არის.
განსაკუთრებული მდგომარეობაა გალის რაიონშიც. მოსახლეობა დარწმუნებულია, როგორი პრეზიდენტიც არ უნდა მოვიდეს, თავს თვითონ უნდა მიხედონ. რადგან არჩევნებიდან არჩევნებამდე, კანდიდატები იცვლებიან, დაპირებები კი არა.
ხაჯიმბას მომხრეების, დაახლოებით, მესამედი მაინც შამბას მომხრე გახდა. ძირითადად, ახალგაზრდები, რომელთა უმეტესობაც სპორტსმენია. ამის გამო, ოჩამჩირის რაიონში, ბესლახუბაში საარჩევნო შტაბების წარმომადგენლებს შორის ხელჩართული ჩხუბიც კი გაიმართა.
შამბა კარგი დიპლომატია და საქმიანობითაც დაკავშირებულია ახლაგზრდებთან, რამდენიმე წელია კარატეს ფედერაციის თავმჯდომარეა. მისი ნებართვით, აფხაზმა კარატისტებმა საქართველოში გამართულ შეჯიბრში მიიღეს მონაწილეობა.
ხაჯიმბას კი, ცხოვრების და მუშაობის ძველმოდური, კომუნისტური წესი და მეთოდები აქვს.
ანქვაბი ძალისმიერი მეთოდების მომხრეა. ერთ გამოსვლაში თქვა, რომ რესპუბლიკაში არავითარი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო ბიზნესის მომხრე არ არის. ვისაც ტვინი უმუშავებს, არ შეიძლება ეს მოეწონოს. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი პატარა, კერძო ბიზნესით ირჩენს თავს. ახალგაზრდების უმეტესობა, ვისაც უმაღლესი განათლება მიღებული აქვს, არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობს.
რაც კომუნისტების დროს იყო, წავიდა, ამის დაბრუნება არავის სურს. ქართველებთან ურთიერთობის განახლების წინააღმდეგი კი არავინაა.
მთელი წინასაარჩევნო პერიოდისას იგრძნობა რუსეთის გავლენა, უფრო კი რუსული ფულის. ანქვაბის და შამბას შტაბები აგიტაციაში მონაწილეებს 7-8 ათასს რუბლს უხდიან, საარჩევნო შტაბების წარმომადგენლებს ძვირადღირებული ლეპტოპები აქვთ. ამდენი ფული არცერთს არა აქვს. აშკარა, რომ აქ სხვა ფული ტრიალებს. ეს რუსული ფულია, რომელსაც სხვადასხვა კანდიდატი სხვადასხვა წყაროსაგან იღებს.
კანდიდატების ძირითადი მოწოდება არჩევნებზე მისვლაა. ამისთვის, აფხაზური პასპორტების აღებას ითხოვენ. არჩევნებიც რომ არა, ამ დოკუმენტის გარეშე უკვე ვეღარც იცხოვრებ.
მოსახლეობის დიდი ნაწილი არჩევნებზე ალბათ წავა, თუნდაც იმიტომ, რომ ხმის მიცემის შემდეგ, პასპორტში შესაბამის შტამპს არტყამენ. იოლი გამოსაცნობია, უშტამპო პასპორტის მფლობელს არჩევნებში მონაწილეობა მიღებული არ ექნება.“

კომენტარები