დე–ფაქტო აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. 170 საარჩევნო უბანი , მოსკოვის დროით, დილის 8:00 საათზე გაიხსნა. კიდევ ერთი, დამატებითი უბანი მოსკოვში, ჩერკასსკშია გახსნილი, სადაც 3000 ბიულეტენია გაგზავნილი.
უბნებზე გამჭვირვალე ურნები დგას, კაბინებს კი ტიხრები არ აქვს, რათა ვერავინ შეძლოს საკუთარი ბიულეტენი ტელეფონით ან კამერით დააფიქსიროს.
ხმის მიცემა, მხოლოდ აფხაზური პასპორტითაა შესაძლებელი. ბიულეტენის წარმოდგენის შემდეგ, ამომრჩეველი ხელს ჟურნალში აწერს, მას აფხაზური პასპორტის მე–17 გვერდზე სპეციალურ ბეჭედს ურტყამენ, რომ ხმის მისაცემად ნამდვილად მივიდა და მხოლოდ ამის შემდეგ აძლევს ხმას.
აფხაზურ არჩევნებს 15 სახლმწიფოს 100–ზე მეტი წარმომადგენელი აკვირდება. აკრედიტაცია 60–მდე უცხოელმა და 50–მდე ადგილობრივმა ჟურნალისტმა გაიარა.
დე–ფაქტო რესპუბლიკაში 143 735 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ცენტრალური საარჩევნო კომისია ვარაუდობს , რომ ამომრჩეველთა სიაში შეტანილთა ნახევარი, დღეს, არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.
პირველადი მონაცემები 27 აგვისტოს, 12:00–ზე გამოქვეყნდება.
ახალ პრეზიდენტს 5 წლის ვადით აირჩევენ. დე–ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატები სერგეი შამბა, ალექსანდრე ანქვაბი და რაულ ხაჯიმბა არიან.

კომენტარები