შპს „ტოტალმა“ აღმაშენებლის ხიდის მოპირკეთების სამუშაოები „ქალაქის სიყვარულით“, ყოველგვარი პირობისა და ანაზღაურების გარეშე შეასრულა.
„არაფერი პირობები არ გვქონია, ვნახეთ გასაკეთებელი იყო, მოვკიდეთ ხელი, ქალაქის სიყვარულით გავაკეთეთ და თუ მოგვცეს რამე კაი და თუ არადა, „ვსიო“ – Tspress.ge-სთან საუბრისას განაცხადა „ტოტალის“ ხელმძღვანელმა, ბუთხუზ ბარამიამ. მისი თქმით, მუშებმაც „დაახლოებით, ქალაქის სიყვარულით“ იმუშავეს.
„ტოტალის“ მუშებმა გრანიტის ფილები ხიდის ტროტუარებზე უკუღმა დააგეს. ბარამიას თქმით, ფირმას სამუშაოს დაწყებამდე პროექტი არ მოუთხოვია და არც გასაკეთებლი სამუშაო შეუთანხმებია ვინმესთვის. „ხორკლიანი მხრიდან დავაგეთ, რომ ვინმეს ფეხი არ დაუცურდეს. ფილის დაგებას რა პროექტი უნდოდა?“- ამბობს ბარამია.
ბარამიას Tspress.ge მიმდინარე წლის ივნისის თვეში, ხიდზე სამუშაოების დაწყებისასაც ესაუბრა. ფირმის ხელმძღვანელმა მაშინ თქვა, რომ სამუშაოები ნაწილობრივ ქალაქის ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა, თუმცა თანხის ოდენობა ვერ გაიხსენა.
16 ივნისს, ჟურნალისტებთან საუბრისას, იგივე განაცხადა ქალაქის მერმა, ვახტანგ ლემონჯავამაც, რომ თანხებს ნაწილობრივ ქალაქის ბიუჯეტი, ნაწილობრივ კი ირანელი ბიზნესმენი გაიღებდა, რომელმაც ლომის ოთხი ქანდაკება და 830კვ.მ გრანიტის ფილა ქალაქს აჩუქა. ბიუჯეტიდან გასული თანხის დასაზუსტებლად მან Tspress.ge-ს ინფორმაციის წერილობით გამოთხოვა ურჩია.
ორი კვირის შემდეგ გამოგზავნილ მერის წერილობით პასუხში(#1-08/1332; 04.-07.2011) კი წერია, რომ ხიდზე მიმდინარე სამუშაოები 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტში გათვალისწინებული არ ყოფილა და შესაბამისად, არც ფინანსდება, შპს „ტოტალთან“, ირანელ ბიზნესმენთან, მის პარტნიორ ადგილობრივ ორგანიზაციასთან დაკავშირებით, კი ფოთის მერიას ინფორმაცია არა აქვს.
ბუთხუზი ბარამია ქალაქის სიყვარულით შესრულებულ სამუშაოებებზე by TS PRESS

კომენტარები