დღეს, ზუგდიდში „სამართლიანი არჩევნების“ ოფისში, 2011-2015 წლების არჩევნების და სტრატეგიული გეგმის შესახებ, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის და პარტიის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა.
ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ გელა ჩილაჩავამ შეხვედრაზე განაცხადა, რომ მომავალი არჩევნები, სტრატეგიული გეგმის მიხედვით უფრო დახვეწილი, დემოკრატიული და გამჭვირვალე იქნება, რასაც „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი, გიორგი ალასანია არ იზიარებს და ამბობს, რომ დღევანდელი გადასახედიდან არჩევნების სამართლიანად ჩატარების იმედი არ ჩანს: – „კანონის უზენაესობაზე საუბარი ცინიზმია და სხვა არაფერი,“- განაცხადა ალასანიამ. ის ეჭქვეშ აყენებს ცესკო-ს თავჯდომარის „თავისუფლებას“ და დასძენს, – „როცა ქვეყანაში ყველაფერი სააკაშვილის ხელით იმართება, დაუჯერებლელია ხარატიშვილი არ იყოს მართული“.
ცესკო-ს წარმომადგენელმა ზაზა ხვიტიამ კი განაცხადა, რომ სარჩევნო კოდექსი სრულყოფილი და დემოკრატიულია, მისი თქმით, შესაძლებელია შეიქმნას კომისია, რომელიც ამომრჩეველთა ერთიან სიას გააკონტროლებს, რის შემდეგაც მის უზუსტობაზე პასუხისმგებელი იქნება სწორედ კომისია.
„ვინ არის დამნაშავე არჩევნების „ცუდად“ ჩატარებაში?“ – ეს კითხვა, შეხვედრაზე „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელმა, მაკა კოდუამ მას შემდეგ დასვა, როდესაც პარტიის წარმომადგენლებმა სხვადასხვა არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევათა კონკრეტულ ფაქტებზე ისაუბრეს. კოდუას დასმული შეკითხვის შემდეგ გამოიკვეთა ორი მთავარი ფაქტორი: არჩევნების სამართლიანად ჩატარებას ხელს უშლის, როგორც ხელისუფლების კეთილი ნება, ასევე მოსყიდული და დაშინებული ამომრჩეველი.
სოფო ხუბულავა

კომენტარები