“კოალიცია სამართლიანობისთვის“ ორგანიზაციებს ცხინვალის რეგიონში საპრეზიდენტო არჩევნების არალეგიტიმურად შეფასებისკენ და ამ პროცესების გაპროტესტებისკენ მოუწოდებს.
-„ვიდრე ცხინვალის რეგიონიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილ ათასობით ადამიანს არ მიეცემა შესაძლებლობა დაუბრუნდეს საკუთარ სახლ-კარს, მონაწილეობა მიიღოს რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, ნებისმიერი პროცესი, მათ შორის არჩევნები, მოკლებული იქნება კანონიერ საფუძვლებს და ვერ განსაზღვრავს ცხინვალის რეგიონისა და მისი მოსახლეობის მომავალს“- აღნიშნულია კოალიციის მიმართვაში.
კოალიცია იმედს გამოთქვამს, რომ საერთაშორისო საზოგადოება ადექვატურ შეფასებას მისცემს და არ სცნობს ცხინვალის რეგიონში დაგეგმილ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს.
ორგანიზაცია საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხებზე ძალისხმევის გააძლიერებისკენ მოუწოდებს.
-„მიგვაჩნია, რომ არსებული სტატუს-კვო კიდევ უფრო დაამძიმებს რეგიონში ამჟამად მცხოვრები მოსახლეობის უფლებრივ მდგომარეობას, სადაც ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მსოფლიოში ერთ-ერთი უმძიმესი მდგომარეობაა,“– აღნიშნულია განცხადებაში.
ორგანიზაციები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ აღნიშნული არჩევნები უკანონოა და მისი შედეგი ლეგიტიმურ პოლიტიკურ, ადგილობრივ და სერთაშორისო სივრცეში არსებით ცვლილებებს ვერ მოიტანს, პოზიცია ხელმოწერით უნდა დააფიქსირონ.
ცხინვალის რეგიონში საპრეზიდენტო არჩევნები, მიმდინარე წლის, 13 ნოემბერსაა დანიშნული.

კომენტარები