ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, რომლითაც ალლა ჯიოევამ გაიმარჯვა გააუქმა.

სასამართლომ პარტია „ედინსტვოს“ საჩივარი დააკმაყოფილა. სასამართლოს თავმჯდომარემ, აცამაზ ბიჩენოვმა, გაახმოვანა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ჯიოევას მომხრეების მხრიდან ამომრჩეველზე ზეწოლის ფაქტები სასამართლომ დამტკიცებულად მიიჩნია.

რესპუბლიკის პარლამენტის გადაწყვეტილებით კი ხელახალი არჩევნები 2012 წლის 25 მარტს დანიშნა.

„კანდიდატ ჯიოევას მომხრეებმა დაარღვიეს რესპუბლიკის კონსტიტუცია და კანონი პრეზიდენტის არჩევნების შესახებ“- ნათქვამია განაჩენში.

სასამართლოს თავმჯდომარის მითითებით, სასამართლო განხილვის დასრულებამდე ცენტრალურ საარჩევნო კომისისა შედეგების გამოქვეყნება აეკრძალა.

ალლა ჯიოევას განცხადებით, მას კომისიამ არ მიაწოდა არჩევნების შედეგების ოქმები, რაც კანონდარღვევაა.

ჯიოევას თქმით, ის არ აპირებს დაეთანხმოს სასამართლოს გადაწყვეტილებას, თუმცა არ დაუკონკრეტებია რას აპირებს.

სასამართლო პროცესის მსვლელობისას ჯიოევას მომხრეები მის სახლთან შეიკრიბნენ და მსვლელობა მოაწყვეს ცხინვალის ცენტრალურ მოედნამდე, სადაც მიტინგის გამართავს აპირებენ.

პოლიტიკურ კვლევათა ინსტიტუტის დირექტორის, სახელმწიფო დუმის დეპუტატმა სერგეი მარკოვმა, სასამართლოს გადაწყვეტილება ოპოზიციური კანდიდატის დამარცხებად მიიჩნია. „ეს ცხადყოფს, რომ სამხრეთ ოსეთის გზა დემოკრატიისაკენ საკმაოდ რთულია და კლანური გარჩევები ჯერ კიდევ ძალიან დიდ გავლენას ახდენს“-განაცხადა მარკოვმა.

თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ედუარდ კოკოითიმ, განაცხადა, რომ რესპუბლიკის კანონებით, ჯიოევას, რომელმაც სასამართლოს გადაწყვეტილებით, არჩევნების მსვლელობისას კანონი დაარღვია, ხელახალ არჩევნებში მონაწილეობა ეკრძალება.

„ჩვენ შეგვიძლია საუბარი საარჩევნო კომისიის წევრების მოსყიდვის, მათზე მუქარის შესახებ ჯიოევას საარჩევნო შტაბის მხრიდან. მე, როგორც პრეზიდენტი ვერ დავუშვებ ბინძურ არჩევნებს და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი წლის მარტში ამჟამინდელი მოვლენების განმეორებას თავიდან ავიცილებთ. სამწუხაროდ, რუსეთის ზოგიერთი მოქალაქე, სამხრეთ ოსეთის საზღვრებს გარედან ცდილობს რესპუბლიკაში სიტუაციაზე ზემოქმედებას და ჩვენთან შემოვარდნას“-განაცხადა მან.

მომზადებულია რუსული პრესის მიხედვით

კომენტარები