მიმდინარე წლის 9 თვის ბიუჯეტში ფოთის თვითმმართველობას 5.1 მლნ ლარი დააკლდა.

შედეგად, ადგილობრივი თვითმმართველობა დაგეგმილ სამუშაოებს შეამცირებს.

ბიუჯეტის შემოსულობების შესრულების და მიზნობრივად ხარჯვის საკითხი ფოთის საკრებულომ დღეს განიხილა.

ბიუჯეტში არსებული დეფიციტის გამო, თანხები პრიორიტეტულად გამოცხადებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მოაკლდა.

კეთილმოწყობის სამუშაოები, ეზოების კეთილმოწყობა , სპორტული მოედნების მოწყობა 350 ათასი ლარით შემცირდა.

მიმდინარე წელს შესასრულებელი სამუშაოების ნუსხიდან საერთოდ ამოიღეს გარე განათების ბოძებისა და სანათების შეძენა (ჯამში 628 ათასი ლარი), #14 საბავშვო ბაღის ფასადის რემონტი (30 ათასი ლარი), თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობის პროექტირება (100 ათასი ლარი) და სხვ.

მერიის სარეზერვო ფონდის 40 ათასი ლარით შემცირების პარალელურად, ამდენივეთი გაიზარდა „ქუჩების გასაფორმებელი ყვავილების“ შესაძენი თანხა.

საბიუჯეტო ცვლილებებს, კვარტალური განწერის, მესამე კვარტლისა და 9 თვის შესრულების საკითხებს საკრებულოს წევრებმა რვა ხმით ერთის წინააღმდეგ დაუჭირეს მხარი.

საკითხების წინააღმდეგ ხმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, მოგელი ტყებუჩავამ მისცა.

„კითხვებზე, რომელიც ბიუჯეტთან დაკავშირებით მქონდა ამომწურავი პასუხები ვერ მივიღე. საკრებულოს თავმჯდომარის განცხადება, რომ ბიუჯეტი 1,2 მილიონით შემცირდა, მაგრამ 2,5 მილიონით გაიზარდა ჩემთვის გაუგებარია. ფაქტია, კანონით გათვალისიწნებული უფლებამოსილებებიდან ჩვენს თვითმმართველობას რეალურად არც ექსკლუზიური და არც დელეგირებული უფლებამოსილებები არ აქვს“- განაცხადა მან.

ტყებუჩავას თქმით, საკრებულოს აპარატი ბიუჯეტთან დაკავშირებული საკითხების პროექტებს მას მხოლოდ სხდომის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე აწვდის, კომისიებსა და ბიუროზეც ამ საკითხების განხილვა, სხდომის წინა დღეს ხდება, შესაბამისად, ის დეტალებში მხოლოდ სხდომის დასრულების შემდეგ ახერხებს გარკვევას.

საკრებულომ ბიუჯეტის შემოსავლების ხარჯვის მიზნობრიობაზე საფინანსო-სარევიზიო კომისიის დასკვნა, რომ კომისიამ შემოწმების შედეგად ზოგიერთი სახის დარღვევა-ნაკლოვანებები გამოავლინა, ცნობად მიიღო.

რა დარღვევებზე იყო საუბარი, ამის დასაზუსტებლად tspress.ge-მ კომისიის თავმჯდომარეს, ალექსანდრე თოფურიას მიმართა, თუმცა მან კომენტარზე უარი იმ მიზეზით თქვა, რომ შვებულებაში იმყოფება.

კომენტარები