ბათუმის მერიამ „პიაცა ჰოლდინგს“ ხელშეკრულებით ნაკისრი 8,6 მლნ ლარის, გადახდა 2013 წლის 31 გადაუვადა. საუბარია ბათუმის პიაცას საფასურზე, რომელიც კომპანიას მიმდინარე წლის აგვისტოში უნდა გადაეხადა.

ბათუმის “პიაცა”, რომლის მშენებლობისათვის სახელმწიფომ 18 მილიონი ლარი გახარჯა, შპს „პიაცა ჰოლდინგს“ 11 მილიონ ლარად მიყიდა.

„ჰოლდინგმა“ყიდვისას მხოლოდ თანხის ნაწილი – 2 მილიონი ლარი გადაიხადა.

დარჩენილი თანხის დაფარვა კი მიცემულ ვადაში ვერ მოახერხა.

„შპს პიაცა ჰოლდინგი ვერ ახერხებს ნასყიდობის ფასიდან დარჩენილი 8 600 000 ლარის გადახდას, რისი უპირველესი მიზეზია ის, რომ ქონების შეძენის შემდეგ „პიაცა ჰოლდინგი“ ორიენტირებული იყო შეძენილი ქონების ფუნქციური დატვირთვით, რისთვისაც სოლიდური თანხები იქნა დახარჯული. ამის გამო ჰოლდინგმა ვერ მოახერხა გადასახდელი თანხის მობილიზება“- ნათქვამია შპს წერილში, რომლის საფუძველზეც ბათუმის მერიამ მას თანხის გადახდა 2013 წლის 31 მარტამდე გადაუვადა, პირგასამტეხლოს მოთხოვნის გარეშე.

ქალაქის საკრებულოში საკითხის დამტკიცებას ოპოზიციონერ დეპუტატთა უკმაყოფილება გამოიწვია.

„რესპუბლიკელმა“ ირაკლი ჩავლეიშვილმა გარიგებას „კორუფციული“ უწოდა.

„მოვა დრო, ამ საკითხით პროკურატურა დაინტერესდება. ფუნქციურად დატვირთა თურმე – იმ პიაცას კაფეებში კვერცხი გვერდითა მაღაზიებიდან ნისიად გაჰქონდათ. ესაა ფუნქციური დატვირთვა? – განაცხადა ჩავლეიშვილმა.

მისი თქმით, პიაცას მფლობელის იურიდიული მისამართი ბათუმში ჟორდანიას #20-ია, თავად კი #22-ში ცხვორობს და ასეთ მეზობელს არ იცნობს.

პიაცას გაყიდვით მიღებული თანხით ბათუმში ბაგრატიონის ქუჩის კეთილმოწყობა უნდა მომხდარიყო. სამუშაოები ბიუჯეტშიც ასახული იყო უკვე.

ამჟამად კი ამ ქუჩის ბედი, რომელიც ავტობანის მშენებლობის შემდეგ ქალაქის უმნიშვნელოვანისი სატრანსპორტო კვანძი ხდება, გაურკვევველი ვადით გადაიდო.

“კომპანია პიაცა ჰოლდინგი” მიმდინარე წლის 23 თებერვალს, პიაცას გაყიდვამდე 35 დღით ადრეა დაფუძნებული.

ის ირაკლი სამხარაძის სახელზეა რეგისტრირებული, რომელიც ამ დროისათვის ბათუმში არ იმყოფება. კომპანიის იურიდიულ მისამართზე (ჟორდანიას ქუჩა 20), იტალიურ ეზოში, კი სამხარაძის მამიდა – ალბინა ზარქუა ცხოვრობს.

კომენტარები