სოზარ სუბარმა სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ბოლო პერიოდში ბევრი კითხვა გაისმოდა ჩემი მისამართით – ვრჩები თუ არა „ქართულ პარტიაში“, რა დამოკიდებულება მაქვს მიმდინარე მოვლენების მიმართ და რას ვაპირებ. შეიძლება გამიგრძელდა დუმილი, მაგრამ ამას ჰქონდა მიზეზები, რომელიც საზოგადოებას ნაკლებად დააინტერესებს. პარტიაც რამდენიმე კვირის წინ დავტოვე, თუმცა, ესეც უმნიშვნელო და ნაკლებსაინტერესო მოვლენა მგონია.

მთავარი არის ის, რომ ასე ცხოვრების გაგრძელება აღარ შეიძლება.

ყველა პატიოსანმა მოქალაქემ იცის, რომ ყველა იმ უსამართლობის და ბოროტების სათავე, რასაც ყოველდღიურად ვუცქერთ, არის თავკერძა და ყველაფრისმკადრებელი ხელისუფლება, რომელიც უფსკრულისკენ მიაქანებს ქვეყანას.

პოლიტიკა შემოიჭრა საქართველოს ყველა მოქალაქის ოჯახში და მისთვის თავის არიდება ნიშნავს ქვეყნის გაწირვას სრული უპერსპექტივობისთვის, საიდან გამოსვლაც ძალიან დიდხანს შეუძლებელი იქნება.

მე არ ვფიქრობდი პოლიტიკაში მოსვლას, ადამიანის უფლებების დაცვა მიმაჩნდა ჩემს საქმედ, მაგრამ როცა ქვეყანაში განუკითხაობამ დაისადგურა, შეუძლებლად მივიჩნიე პოლიტიკისგან განზე გადგომა, რადგან ამ ვითარების შეცვლის გზა სწორედ პოლიტიკაზე გადის.

მას შემდეგ, რაც წარუმატებელი გამოდგა ოპოზიციის მცდელობები, არჩევნების ან გამოსვლების გზით შეეცვალა ავტორიტარული რეჟიმი, მოქალაქეების უმრავლესობა ნიჰილიზმმა და სრული უპერსპექტივობის განცდამ მოიცვა.

ტოტალური თვალთვალის, ზეწოლის, დაშინებისა და ტერორის პირობებში, როდესაც სასამართლო არ არსებობს და ტყუილ–მართლის გარჩევა შეუძლებელია, ნორმალური პოლიტიკური პროცესიც ვერ იარსებებს.

სიმართლეს თვალი გავუსწოროთ, სექტემბრის ბოლოს ცხადი გახდა, რომ ოპოზიციურ პარტიებს აღარც ერთად და აღარც ცალ–ცალკე აღარ გაგვაჩნდა იმის რესურსი, რომ 2012 წლის არჩევნები ოდნავ მაინც დამგვანებოდა ცივილიზებულ პოლიტიკურ პროცესს.

პირადად მე თანდათან მიპყრობდა საშინელი იმედგაცრუება, რადგან არ ჩანდა შექმნილი ჩიხიდან გამოსავალი და სულ უფრო მიჭირდა თანამებრძოლების გამხნევება, რადგან ვერ ვხედავდი გზას, რომელიც გამარჯვებისკენ წაგვიყვანდა.

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლით საქართველოში შეიქმნა ახალი რეალობა, ერთბაშად დაბრუნდა ქვეყნის გადარჩენის იმედიც და პოლიტიკური პროცესისადმი ნდობაც.

ბიძინა ივანიშვილი იქცა ნაციონალურ იმედად და ამ იმედის დაკარგვა ქვეყნის დიდი ხნით გაწირვის ტოლფასია.

ვხედავ და ვგრძნობ, რამდენი ადამიანი უყურებს მას იმედის თვალით და სწორედ ეს მაძლევს იმის რწმენას, რომ იგი შეასრულებს ნაციონალური გამაერთიანებლის, ნაციონალური ლიდერის როლს, რომლის ირგვლივ შემოკრებილი საზოგადოებაც დაიბრუნებს ღირსებას, სამართლიანობას და თავისუფლებას.

არ შეიძლება იმის არდანახვა, რომ ქვეყანაში მხოლოდ ორი პოლიტიკური ბანაკი დარჩა – ნაციონალური მოძრაობა თავისი ადმინისტრაციული რესურსებით, გაყალბებისა და ძალადობის მექანიზებით და იმ მოქალაქეების ერთობა, ვისაც სამართლიანობის დაბრუნება სურს.

მინდა მივმართო “ქართული პარტიის” წევრებს, ჩემს მეგობრებს და თანამებრძოლებს – გიდასტურებთ უღრმეს პატივისცემას, ჩვენ ერთად ვიბრძოდით სააკაშვილის დიქტატურის წინააღმდეგ და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ.

თქვენი აბსოლუტური უმრავლესობა “ქართულ პარტიაში” მოვიდა სააკაშვილის რეჟიმთან საბრძოლველად და თქვენი შემართების და ენერგიის სხვა მიმართულებით წარმართვა დანაშაულის ტოლფასი იქნებოდა.

დღეს ყველა ხვდება, სადაც გადის ფრონტის ხაზი და ყველამ თავად უნდა იპოვოს თავისი ადგილი ამ ბრძოლაში. დღეს სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი და არა ნებისმიერი ვიწროპარტიული ამოცანის გადაწყვეტა ან პიროვნული ამბიციის დაკმაყოფილების მცდელობა.

შეიძლება შეცდომებსაც ვუშვებდი, მაგრამ ყოველთვის ვცდილობდი სამართლიანობისთვის მებრძოლა და დღეს ვერც ამ პროცესის გულშემატკივრობაზე ვიტყვი უარს და ვერც პროცესების გულგრილ მაცქერალად დავრჩები. ვერ დავრჩები, რადგან ძალიან მინდა გაიმარჯვოს იმ საქმემ, რომელსაც ახლა უკვე ბიძინა ივანიშვილი ჩაუდგა სათავეში. მე სად ვიქნები, მნიშვნელობა არა აქვს და არც ვეძებ რაიმე ადგილს, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ამ პროცესს ყველანაირად შევუწყობ ხელს.

კომენტარები