2011 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, საქართველო 182 ქვეყანას შორის 64-ე ადგილზეა.

საქართველოს მონაცემები ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის შედეგზე უკეთესია.

კვლევის მონაცემები „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ დღეს გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ 2011 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის (CPI) მიხედვით, საქართველომ 182 ქვეყანას შორის 64–ე ადგილი დაიკავა.

ამ ბოლო რანგირების მიხედვით, რომელიც საჯარო სექტორში კორუფციის აღქმის დონეს განსაზღვრავს, საქართველომ 10–ბალიან სკალაზე (10 ქულა ძალიან სუფთას აღნიშნავს, ხოლო 0 ქულა – ძალიან კორუმპირებულს) 4.1 ქულა მიიღო.

2010 წელს საქართველოს ქულა 3.8 იყო და 178 ქვეყანას შორის 68–ე ადგილი ეკავა.

„გასულ წელს საქართველოში წარმატებით დაინერგა ელექტრონული, გამჭვირვალე სახელმწიფო შესყიდვების სისტემა, რაც დადებითად შეიძლება შეფასდეს“, – აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური „ძალიან კარგია, რომ მთავრობა მოქალაქეებისთვის ონლაინ რეჟიმში აქვეყნებს და ხელმისაწვდომს ხდის სხვადასხვა მონაცემებს და ხელს უწყობს ელექტრონული მმართველობის დამკვიდრებას. ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, ეს ძალისხმევა კიდევ უფრო ინტენსიური გახადოს, განსაკუთრებით იმ სახელმწიფო უწყებებთან მიმართებაში, რომლებიც ნაკლებად გამჭვირვალედ მიიჩნევა“.

2011 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსი“ აჩვენებს, რომ კორუფციის აღქმის დონე საქართველოში უფრო დაბალია, ვიდრე ევროკავშირის წევრ რამდენიმე ქვეყანაში, როგორიცაა სლოვაკეთი, იტალია, საბერძნეთი, რუმინეთი და ბულგარეთი. საქართველოში კორუფციის აღქმის დონე ასევე უფრო დაბალია, ვიდრე ხორვატიაში, რომელიც სულ მალე ევროკავშირის შემდეგი წევრი ქვეყანა გახდება, და ბალკანეთის სხვა ქვეყნებში. თურქეთი 61–ე ადგილზეა (4.1 ქულით) და, შესაბამისად, საქართველოზე ოდნავ მაღლა დგას. საქართველოს სხვა მეზობელ ქვეყნებში კორუფციის აღქმის დონე ბევრად უფრო მაღალია: სომხეთი 129–ე ადგილზეა (2.6 ქულით), რუსეთი და აზერბაიჯანი კი 143–ე ადგილს ინაწილებენ (2.4 ქულით).

კორუფციის აღქმის ყველაზე დაბალი დონე აქვთ ახალ ზელანდიას, დანიას, ფინეთს, შვედეთსა და სინგაპურს. რანგირებაში ბოლო ადგილები დაიკავეს უზბეკეთმა, ავღანეთმა, მიანმარმა, ჩრდილოეთ კორეამ და სომალიმ.

ამ წინსვლის მიუხედავად, აუცილებელია განსაკუთრებული ქმედებების განხორციელება საქართველოს მთლიანი ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის გასაუმჯობესებლად. „ჩვენს მიერ ბოლო დროს გამოქვეყნებული „ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის ანალიზი“ აჩვენებს, რომ საქართველოში მმართველობის სისტემის დაბალანსება ჯერ კიდევ სუსტია. სასამართლო ხელისუფლება, მედია, სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიციური პარტიები ვერ ახერხებენ მთავრობაში კონცენტრირებული ძალაუფლების დაბალანსებას. აღმასრულებელი შტო დიდწილად შემაკავებელი ძალის გარეშეა დარჩენილი, რადგან მმართველი პარტია პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით არის წარმოდგენილი“, – აღნიშნავს გიგაური.

იმ სექტორებში, რომლებიც 2011 წლისკორუფციის აღქმის ინდექსმამოიცვა, „საერთაშორისო გამჭვირვალობასაქართველომთავრობას მოუწოდებს შემდეგ საკითხებზე მოახდინოს ფოკუსირება:

  • გააძლიეროს პარლამენტის როლი საქართველოს მმართველობის დაბალანსებული სისტემის განვითარებისთვის. ყველა პოლიტიკურ თანაბარი პირობები უნდა მიეცეს 2012 წლის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად;
  • უნდა გაგრძელდეს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა, რადგან სასამართლო უფრო დამოუკიდებელი გახდეს. საპროცესო გარიგების სისტემა უნდა იყოს უფრო გამჭვირვალე. კანონის წინაშე ყველა თანაბარი უნდა იყოს და არ უნდა მოქმედებდეს შერჩევითი სამართლი;
  • ელექტრონული მმართველობა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს. უნდა მოხდეს ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება ონლაინ რეჟიმში, რადგან მედიას, სამოქალაქო საზოგადოებას, განსაკუთრებით რეგიონებში ხელი მიუწვდებოდეს მათთვის საინტერესო და საჭირო ინფორმაციაზე;
  • მთავრობა არანაირი სახით არ უნდა ერეოდეს მედია სექტორის საქმიანობაში.

კომენტარები