მიწის ნაკვეთი, რომლის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლითაც ფოთის ბიუჯეტის შევსება იგეგმებოდა, ფოთის საკრებულოს გადაწყვეტილებით სახელმწიფოს გადაეცა.

გადაწყვეტილება მიწაზე საკუთრების უფლების მიტოვების შესახებ ფოთის საკრებულომ 1 დეკემბერს, რიგგარეშე სხდომაზე მიიღო.

-„ჩვენ გვაქვს ბიუჯეტში არაფინანსური აქტივების კლება, რომელიც უნდა შესრულდეს. ჩვენ გამოვიტანეთ ეს აუქციონზე, მაგრამ ვერ გაიყიდა, ამიტომ ეკონომიკის სამინისტრომ მოიკითხა ესენი, ჩვენზე მეტი ურთიერთობები აქვთ მათ და ყიდის ამას. ეს არის ბიუჯეტის დაგეგმილი შევსება და ეს მოხდება ასეთნაირად. ეკონომიკის სამინისტროს აქვს აუქციონზე ის ბერკეტები, რომელიც ჩვენ არა გვაქვს. გაყიდული თანხის 50% ჩვენია“-განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ, ვანო საღინაძემ.

საღინაძე მყიდველის შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა, ამბობს, რომ თვითმმართველობა იმდენივეს მიიღებს, რასაც მიწის თავად გაყიდვის შემთხვევაში მიიღებდა – დაახლოებით, 1 მილიონ ლარს.

მისი თქმით, ნაკვეთზე საკუთრების უფლების მიტოვება მას შემდეგ გადაწყდა, რაც თვითმმართველობის მიერ გამოცხადებულ აუქციონზე ნაკვეთის ყიდვის მსურველი არავინ აღმოჩნდა.

-„აუთვისებელ მიწის ნაკვეთებს რაც უფრო მალე გავყიდით, უკეთესია,“-განაცხადა საკრებულოს ინფრასტრუქტურულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, გოჩა დოლბაიამ.

20 200 კვ.მ. მიწის ნაკვეთი სამხედრო პორტსა და ექსტენსიური განვითარების ტერიტორიას შორისაა.

ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში, დავით ნარმანია განმარტავს, რომ კანონიდან გამომდინარე, თუ მიწის ნაკვეთს სახელმწიფო განკარგავს, შემოსავლის 100% სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა ჩაირიცხოს, მეორეს მხრივ, კი თუ სახელმწიფოს პოტენციური მყიდველი ჰყავს, ეს მყიდველი ადგილობრივ თვითმმართველობასთან უნდა გადაამისამართოს.

მისი თქმით, თუ აუქციონის ერთხელ გამოცხადების შემთხვევაში მყიდველი არ გამოჩნდა, ეს არ ნიშნავს, რომ თვითმმართველობამ ეს ქონება უნდა მიატოვოს.

ნარმანია ამბობს, რომ ბოლო პერიოდში თვითმმართველობების მიერ საკუთრების უფლების მიტოვების ფაქტები გახშირდა.

-„ფაქტი ერთია, ინვესტორები მიდიან ეკონომიკის სამინისტროსთან იქ გამოხატავენ ინტერესს. მერე ეკონომიკის სამინისტრო თხოვს, როგორც ჩანს, თვითმმართველობებს ქონება მიატოვონ, რომ მერე თვითონ სამინისტრომ განკარგოს,“-აცხადებს ნარმანია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ იურისტი, მარი გაბედავა ამბობს, რომ კონკრეტული ქონება არა საკრებულოს თავმჯდომარის, არამედ ფოთში მცხოვრები ყველა ადამიანის საერთო საკუთრებაა, რომლის განკარგვის უფლებაც მინიჭებული აქვს საკრებულოს ან გამგებელს. ხოლო ის ფაქტი, რომ ქონება აუქციონზე არ გაიყიდა, მისი მიტოვების საფუძველი არ შეიძლება გახდეს.

-„საკრებულოს, კანონით აქვს ნაკისრი ვალდებულება, დაიცვას მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესები. ამ შემთხვევაში თუ ამ ადამიანებმა მიატოვეს ეს ქონება, ჩემი აზრით, ეს სამართლებრივი ძიების საფუძველი უნდა გახდეს,“-განმარტავს იურისტი.

მისი თქმით, ქონების მიტოვების შემთხვევაში, მისი მეპატრონე სახელმწიფო ხდება. ეკონომიკის სამინისტროს მხოლოდ ამის შედეგ შეუძლია მივიდეს და ეს ქონება დაირეგისტრიროს. ხოლო პირდაპირი მინიშნება ეკონომიკის სამინისტროს სასარგებლოდ მიტოვებაზე, მიანიშნებს რაღაც გარიგებაზე ან ზეწოლაზე. თუ სამინისტროს მიწა სჭირდება, აქვს უფლება თვითმმართველობისაგან ეს ქონება იყიდოს.

რაც შეეხება საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებას, რომ სამინისტრო თვითმმართველობას გაყიდვიდან შემოსული თანხიდან 50% მისცემს, იურისტი განმარტავს, რომ ქონების მიტოვებით თვითმმართველობას მასზე ყველა უფლებაზე უარი ნათქვამი აქვს და ზეპირი შეთანხმება, რომ მიატოვე და რაღაც პროცენტს მოგცემ, ეს მაინცდამაინც კანონიერი არაა.

კომენტარები