ზუგდიდის ცენტრალური სტადიონის დემონტაჟი პრეზიდენტის სიტყვიერი ბრძანების საფუძველზე, დღეს დილით დაიწყო.

პრეზიდენტმა ზუგდიდში ვიზიტისას გუშინ განაცხადა, რომ სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე დასასვენებელი სკვერები და გასართობი ცენტრები აშენდება, მშენებლობა კი დაუყონვებლივ დაიწყება: „იმის გათვალისწინებით, რომ ვითარდება მესტია და, ზოგადად, სვანეთი, ასევე მთელი შავი ზღვისპირეთი, ხოლო გზა ამ ტურისტული ცენტრებისკენ სწორედ აქ გადის, ზუგდიდი უმნიშვნელოვანეს ფუნქციას შეიძენს ტურისტებისთვისაც და კომფორტული ქალაქი გახდება ადგილობრივი მცხოვრებლებისთვისაც. სარეაბილიტაციო სამუშაოები აქ ხვალიდან დაიწყება,“-განაცხადა სააკაშვილმა.

სტადიონის თანამშრომლები, ფეხბურთელები და მწვრთნელები გაურკვევლობაში არიან:

„-დღეს დილით დამირეკეს სტადიონს ანგრევენ და თქვენი ინვენტარები წაიღეთო. გაურკვეველ მდგომარეობაში ვართ, წარმოდგენა არ გვაქვს სად უნდა ვავარჯიშოთ ბავშვები. ზუგდიდში არ არსებობს სტადიონი, სადაც ბავშვი ნორმალურად ივარჯიშებს. ჯერ რამე აეშენებინათ და მერე დაენგრიათ, პრაქტიკულად ქუჩაში ავღმოვჩნდით,“- ამბობს ერთ-ერთი კლუბის „ზუგდიდის ნაცატუს“ მწვრთნელი, ვლადიმერ გაბედავა.

ზუგდიდის ცენტრალურ სტადიონზე, დაახლოებით 150-მდე ნორჩი ფეხბურთელი ვარჯიშობდა.

ზუგდიდის მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის უფროსის, ადამურ არქანიას განცხადებით, ცენტრალური სტადიონის დემონტაჟისათვის ტენდერი არ გამოცხადებულა და ამ სამუშაოზე მუნიციპალური შესყიდვა არ განხორციელებულა.

-„სტადიონის დემონტაჟისთვის ტენდერი ჯერ არა, თუმცა, აუცილებლად გამოცხადდება,“ – განაცხადა tspress.ge-სთან საუბარში ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსმა, თენგიზ ქობალიამ და დაწყებული დემონტაჟი ასე განმარტა: – „შპს „ბაიას“ მიაქვს თავისი ინვენტარი, ანუ რაც გააკეთა, უნდა წაიღოს.“

შპს „ბაიას“ პრეს-სამსახურის უფროსის, ლაშა ჯიქიას თქმით, ჯერ არ არის ცნობილი თუ ვის დარჩება დემონტაჟის შედეგად დარჩენილი სამშენებლო მასალები და ინვენტარები.

-„როცა დასრულდება დემონტაჟი, მუნიციპალიტეტის გამგეობა და შპს „ბაია“ მოილაპარაკებენ, თუ ვის დარჩება ინვენტარი. ყველა საბუთი უნდა მოწესრიგდეს, ეს ჰაერში არ ხდება,“ -განაცხადა ლაშა ჯიქიამ.

სტადიონის დემონტაჟს კომპანია „სანი“ ახორციელებს.

კომენტარები