შავ ზღვაში ქაფშიის რეწვის სეზონი დაიწყო. 40-მდე სეინერი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში უკვე ყოველდღიურად აწარმოებს თევზჭერას.

საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შესაბამისი ნებართვა ოთხ კომპანიაზეა გაცემული, ამათგან ერთი უკრაინულია. ერთ-ერთმა კომპანიამ კი, საკუთარი წილი სხვა სამ კომპანიას გადაუნაწილა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს შავი ზღვის მონიტორინგის მთავარი ექსპერტის, არჩილ გუჩმანიძის ინფორმაციით, მიმდინარე სეზონზე, სარეწაოდ დაშვებული ნორმა 80 ათასი ტონა ქაფშია და 5 ათასი ტონა სხვა სახეობის თევზია.

საქართველო საკვებად ყოველწლიურად დაახლოებით 2 ათას ტონა ქაფშიას მოიხმარს. მასზე მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალია აჭარის რეგიონში.

დღეისათვის ქართულ ბაზარზე კილოგრამი ქაფშიის ფასი 1-დან 1,5 ლარამდე მერყეობს. გაიაფება მოსალოდნელი არ არის, რადგანაც მეზობელ თურქეთში, წელს ქაფშიის მარაგი მცირეა. ამის შესახებ ინფორმაციას,

თურქული ინტერნეტპორტალი “ჰაბერიქსი” ავრცელებს, რომლის თანახმადაც საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ტემპერატურის მატების გამო, თურქეთიდან ქაფშიის ჯოგების მიგრირება მოხდა. ამის გამო რიზესა და ხოფის თევზისმომპოვებელ მეურნეობებს დიდი პრობლემები შეექმნათ.

კილოგრამი ქაფშიის ფასი, ამ დროისათვის, რიზეს ოლქში, 5 თურქულ ლირას (დაახლოებით 4,5 ლარს) შეადგენს.

კომენტარები