კორპორაცია „ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ ახალი ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, პორტში საკადრო და სტრუქტურული ცვლილებები მიმდინარეობს. ნავსადგურის 1500 მდე თანამშრომელი ფსიქოლოგიურ-ლოგიკური აზროვნების ტესტირებას ეტაპობრივად გადის.

ტესტირება თანამშრომელთა ნაწილმა უკვე გაიარა. ტესტირება პროფესიული კადრების, თანამშრომელთათვის საჭირო უნარჩვევებისა და მათი ზოგადი ინტელექტის გამოსავლენად ტარდება. ტესტებს კომპანიის წარმომადგენლები აფასებენ, რის შემდეგაც ტესტირებაში მონაწილენი შესაბამის ვაკანსიებზე დაინიშნებიან.

„ერთ-ერთმა მძღოლმა იმდენად კარგი შედეგები აჩვენა, რომ ხელმძღვანელობა გაკვირვებული იყო. უკითხავთ კიდეც, ეს ადამიანი მძღოლად რატომ მუშაობსო,“- უამბო Tspress.ge-ს ნავსადგურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა. სხვა თანამშრომლები, რომლებმაც ვინაობის დასახელება არ ისურვეს, წლების განმავლობაში ჩინოვნიკებისა და პორტის ხემძღვანელობის მიერ ხელოვნურად გაზრდილ შტატებსა, ნათესაობა-ახლობლობით დაწინაურებული თანმშრომლების ხელფასებს, ამასთან არაპროფესიონალიზმს აპროტესტებდნენ. „არ გვინდა თქვენი ინგლისურიო, მე შემიძლია თითოეულ თქვენგანს თარჯიმნის საშუალებით ველაპარაკოო, ჩვენ სპეციალისტები გვჭირდებაო, უთქვამთ. თურმე, გაუკვირდათ, რატომ აქვთ ათი ათასობით ლარი ხელფასი იმათ, ვინც კაბინეტებში ზის და კომპიტერს თამაშობს და ძალიან ცოტა იმათ, ვინც ბევრს მუშაობს,“- დირექტორის ამ გადაწყვეტილებით კმაყოფილი საუბრობს ერთ-ერთი თანამშრომელი.

გენერალური დირექტორი, ჯოზეფ ქროული, რამდენიმე თვის წინ, აღნიშნულ თანამდებობაზე მას შემდეგ დაინიშნა, რაც „რაკ ინვესტმენტისგან“პორტის 80% კომპანია APM Terminals –მა (დანიური კომპანია „მაერსკის“ შვილობილი) მიმდინარე წლის აპრილში შეიძინა. კომპანია 64 ქვეყანაში 50 პორტისა და 122 სხვადასხვა შიდა კომპანიის ფლობელია.

ახალი გენდირექტორის გადაწყვეტილებით, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყველა თანამშრომელი ტესტირების შედეგებამდე დათხოვნილია. სამსახურის თანამშრომლები აცხადებენ, რომ ისინი შვებულებაში გაუშვეს. „მიმდინარეობს რეორგანიზაცია. განყოფილებების და სამსახურების შემცირება, გაერთიანება. პროცესების დასრულებამდე დროებით შვებულებაში ვართ, ვინ დარჩება სამსახურში, ტესტირების შემდეგ გახდება ცნობილი,“- განაცხადა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა, კახა გუგუჩიამ.

კომენტარები