ფოთის ნავსადგურის თანამშრომელთა მასობრივი გათავისუფლებები გრძელდება. ნავსადგურის ხელმძღვანელობამ, ამ დღეებში, ასობით ადამიანი გაათავისუფლა და რამდენიმე სამსახურიც გააუქმა.

გასათავისუფლებლებს ტელეფონით უკავშირდებიან და ცალ-ცალკე იბარებენ, რათა ხალხმრავლობასა და დაძაბულობას თავი აარიდონ. შეხვედრებში მხოლოდ ფირმის უცხოელი წარმომადგენელი და თარჯიმანი მონაწილეობს.

ხელმძღვანელობისაგან დაპირებული კომპენსაციის მიზეზით, სამუშაოდან დათხოვნილები ჟურნალისტებთან ღიად ურთიერთობაზე უარს აცხადებენ. კომენტარზე უარს აცხადებს, ასევე ნავსადგურის ხელმძღვანელი.

-„წლების განმავლობაში შენიშვნაც არ მიმიღია. ვიკითხე რა გახდა ჩემი დათხოვნის საფუძველი, ობიექტური პასუხი ვერ მივიღე. დაგვპირდნენ, ერთი წელი კომპენსაციას მოგვცემთო,“– განაცხადა tspress.ge-სთან საუბრისას ერთ–ერთმა ქალბატონმა.

-„სხვა რა გზაა, ჩვენს უკან ოჯახებია, “–ამბობს ახალგაზრდა მამაკაცი.

განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში საპენსიო ასაკს მიღწეულები არიან: -„მე ახალ სამსახურში აღარავინ მიმიღებს, ერთ წელიწადში ეს კომპენსაცია რომ დამთავრდება, რითი მივიტანო სული პენსიის დანიშვნამდე?“-შიშობს შუახნის მამაკაცი.

ფოთის ნავსადგურის თანამშრომელთა შემცირება ამ დრომდე გრძელდება.

ნავსადგურის ხელმძღვანელობა თანამშრომლებს დღის განმავლობაში ნავსადგურის სამმართველოსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონის ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ განყოფილებაში ხვდება.

თანამშრომელთა ვარაუდით, ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ახალ წელს უმუშევრის სტატუსით 600–მდე ადამიანი შეხვდება.

კომენტარები