ფოთის მარცვლეულის ტერმინალი პირველ ტვირთს -5000ტ ხორბალს – რამდენიმე დღეში, ყაზახეთიდან მიიღებს.

ამის შესახებ ტერმინალის გახსნაზე ტერმინალის მფლობელი კომპანიის „ბუნგე–აგრიკომის“ მმართველმა პარტნიორმა, კონსტანტინე ოსიპოვმა განაცხადა.

ტერმინალის გახსნას სოფლის მეურნეობის მინისტრი, ზაზა გოროზია და ადგილობრივი ხელისუფლება ესწრებოდა.

ოსიპოვის თქმით, ტერმინალს აქვს პოტენციალი საერთაშორისო გახდეს და სრული დატვირთით ამუშავების შემდეგ, ის კონკურენციას რუსეთის ანალოგიურ პორტებს გაუწევს. ელევატორს ერთჯერადად 22 ათასი ტონა მარცვლეულის მიღება შეუძლია.

-„განვიხილავდით ელევატორისათვის ჩვენივე ტერიტორიაზე ნავმისადგომის მშენებლობას, თუმცა, ნავსადგურის მენეჯმენტმა შემოგვთავაზა საინტერესო ალტერნატივა, გემები მივიღოთ პორტის აკვატორიაში. სპეციალისტების დადებითი დასკვნის შემთხვევაში, „ბუნგე“ დაინტერესდება ამ წინადადებით,“–განაცხადა ოსიპოვმა.

მომავალი წლის იანვრიდან კომპანია ახალი წისქვილის მშენებლობის დაწყებას გეგმავს, რომელის წელიწადნახევარში უნდა დასრულდეს.

ძველი წისქვილქარხნის შენობა კომპანიამ მიმდინარე წლის ივლისის თვეში დაანგრია.

„აგრიკომის“ წარმომადგენლის, რამაზ ჟამუტაშვილის განცხადებით, ელევატორზე 80–მდე ადამიანი დასაქმდება, წისქვილის მშენებლობის დასრულების შემდეგ კი დამატებით 250 სამუშაო ადილი შეიქმნება. მისივე თქმით, ამ დრომდე „აგრიკომს” 10 მლნ–ს ინვესტიცია აქვს განხორციელებული.

მსოფლიოში ერთ–ერთი უმსხვილესი მარცვლეულის ტრეიდერი კომპანია „ბუნგეს” შვილობილმა შპს „აგრიკომმა” ფოთის წისქვილქარხანა მიმდინარე წლის დასაწყისში შეიძინა.

კომენტარები