ფოთის მერის დღევანდელ პრესკონფერენციაზე tspress.ge-ს მიერ დასმულ კითხვაზე, იმყოფებოდა თუ არა მერისექტემბრის თვეში მივლინებით ესპანეთში, რა იყო ვიზიტის მიზანი და ვინ გაიღო ხარჯები? მან მხოლოდ მივლინების მიზანზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, ის ესპანეთში, „რივერსაიდის“ პროქტზე მომუშავე უცხოელ არქიტექტორთა ჯგუფთან შესახვედრად იმყოფებოდა, რომლებიც ფოთში მუშაობენ, რაც რიონის სანაპიროებიდან ზღვამდე რეკრეაციული ზონის გაშენებას ითვალისწინებს. „ქალაქის ზღვისკენ მიბრუნების პროცესი უნდა განხორციელდეს„- განაცხადა ლემონჯავამ. ქალაქის ზღვისკენ შებრუნების პროექტი არქიტექტორ შოთა ყავლაშვილს ეკუთვნის, რომელიც გასული საუკუნის 90-იანი წლების მიწურულს, ფოთის მთავარ არქიტექტორად მუშაობდა.

ლემონჯავამ უარყო ინფორმაცია, ფოთის ერთ-ერთი ბიზნესმენის, საკრებულოს წევრის, თენგიზ სარიშვილის მიერ ესპანეთში მისი სამივლინებო ხარჯების დაფინანსება. მისი თქმით, მივლინების ხარჯები ბიუჯეტიდან არ გასულა და ის მთლიანად ესპანეთის მხარემ გაიღო.

– „მიწვევა მქონდა მათგან და წვრილმანი ხარჯების გარდა, ყველაფერი თავად დააფინანსეს,“- განაცხადა მან. თუმცა, ვისგან ჰქონდა მიწვევა და კონკრეტულად რა ხარჯები გაიღეს ესპანელებმა, ლემონჯავას არ დაუკონკრეტებია, არც რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტი მას არ წარმოუდგენია. (აღნიშნული ინფორმაციის მოთხოვნით, 5 დღის წინ შეტანილ წერილზე tspress.ge-ს პასუხი ამ დრომდე არ მიუღია-ავტ)

ბიზნესმენ, თენგიზ სარიშვილის განცხადებით, ის ესპანეთში ბიზნესინტერესებით იმყოფებოდა.

– „ის ქალაქის მერია და უნდა ნახოს რა არქიტექტორული ობიექტების განთავსება იგეგმება ქალაქში და როგორი იქნება ფოთის ზღვისკენ მიბრუნების პროცესი. მიწვევა ესპანეთის მხარემ გამოუგზავნა, მე მათთან პარტნიორობას ვაპირებ და ხარჯებიც ამ ბიზნესის ფარგლებში გავიღეთ. ნუ ახლა ორი დღე დავყავით იქ სასტუმრო, კვება და სხვა წვრილმანი ყველაფერი ბიზნესმა გაიღო. ასე, რომ ჩვენ საკუთარი ბიზნესისთვის ბიუჯეტის ფულს არ ვახრჯავთ,“- განაცხადა სარიშვილმა

კომენტარები