„მაესტროს“ თანამშრომლების მორიგი აქცია პრეზიდენტის რეზიდენციასთან გაიმართება

საპროტესტო აქცია 20 დეკემბერსაა დაგეგმილი.

ამის შესახებ “მაესტროს” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა დღეს ნუცუბიძის ფერდობის I მიკრორაიონში, პოლიციის შენობასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

პრეზიდენტის რეზიდენციასთან დაგეგმილი საპროტესტო აქციის მთავარი მოთხოვნა ხელისუფლების მიერ დამოუკიდებელი მედიის საქმიანობაში ჩარევისთვის თავის დაანებებაა.

ღლონტი “მაესტროში” მიმდინარე მოვლენებს ორი მხარის, ეროსი კიწმარიშვილისა და “მაესტროს” დამფუძნებელთა დაპირისპირებად არ მიიჩნევს, მისი აზრით ყველაფრის სათავე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია.

აქციის ორგანიზატორიები პოლიციისაგან ითხოვდნენ “რუსთავის მედიის მართვის კომპანიის” ხელმძღვანელს, ეროსი კიწმარიშვილს დაუყოვნებლივ დაატოვებინონ “მაესტროს” ოფისი და კანონიერი გენერალური დირექტორი ილია კიკაბიძე, ასევე, მისი გუნდი ტელეკომპანიის შენობაში შეუშვან.

“მაესტროს” თანამშრომლების საპროტესტო აქციაში პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

კომენტარები