ფოთის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი, სულხან თოლორდავა სამუშაო საათებში ქსელური თამაშებით ერთობა. სამაგიეროდ, პრესასთან საურთიერთოდ დრო თითქმის არასოდეს აქვს.

ფოთის მერიის საფინანსო და ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსი, სულხან თოლორდავა სოციალური ქსელის „facebook”-ის თამაშებისათვის დღის დიდ ნაწილს ხარჯავს.

tspress.ge-ს კითხვებზე საპასუხოდ მას „დრო არა აქვს“, „თათბირზეა“, ან „უბრალოდ, ციფრი არ ახსოვს“. ციფრების გასახსენებლად დოკუმენტების გადახედვის წინადადებაზე (რომელთა უმეტესობაც, სამსახურის უფროსის კომპიუტერში ინახება), მისი პასუხი მარტივია: “წერილობით მომმართეთ და გიპასუხებთ.“

ის მუდმივად 10-დღიან ვადას იყენებს იმ ინფორმაციის გასაცემადაც, რომელიც ბიუჯეტის მიერ შეძენილი და პირად „სათამაშო“ ნივთადქცეულ კომპიუტერში აქვს.

სწორედ ამ დროს, სამსახურის უფროსი სამუშაო საათებში, სოციალურ ქსელში ერთობა. ის ძირითადად, “Top Eleven – Be A Football Meneger”-სა და „Empires&Alies”-ს თამაშობს.

შესაბამისი პოსტები მის გვერდზე დღეში რამდენჯერმე ქვეყნდება. მაგალითად: დღეს, 12 საათისთვის სამსახურის უფროსმა, ვირტუალურად 2-მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც მის საფეხბურთო გუნდს სტადიონის გაფართოებისა და ახალი მოთამაშეების მოზიდვაში დაეხმარება.

თოლორდავას, იმის საილუსტრაციოდ, რომ კარგ მოქეიფედ ითვლება საკუთარ გვერდზე ყანწიანი ფოტოც კი უდევს.

ქეიფის თუ სოციალურ ქსელში სამსახურის საათებში საათობით თამაშის გამო, როგორც ჩანს, მას გულმავიწყობაც დასჩემდა.

მიმდინარე წლის სექტემბერში, მერის სამივლინებო თანხების შესახებ ინფორმაციაზე თოლორდავამ tspress.ge-ს პასუხი არც 10 დღის შემდეგ გასცა და განაცხადა, რომ საპასუხო წერილის დაწერა დაავიწყდა: „უბრალოდ მიგვრჩა, უახლოეს დღეებში მოგიმზადებთ და მოგაწვდით.“

მოგვიანებით, ფოთის მერმა განაცხადა, რომ ამის გამო თოლორდავამ საყვედური მიიღო.

Tspress.ge-ს კითხვაზე რატომ თამაშობს სამუშაო საათებში „ფეისბუქის“ თამაშებს, როცა ჟურნალისტების კითხვებზე საპასუხოდ ყოველთვის დაკავებულია, სამსახურის უფროსმა უპასუხა, რომ სოციალურ ქსელში მისი გვერდით მისი დაც სარგებლობს და თამაშებსაც ის თამაშობს.

გადამოწმებისას გაირკვა, რომ თოლორდავას დას „ფეისბუქზე“ საკუთარი გვერდიც აქვს, თუმცა, სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელი არ არის, მისი გვერდი პრაქტიკულად ცარიელია.

„ფეისბუქზე“ საკუთარი გვერდი „ფოთის მერიის საფინანსო სამსახურსაც“ აქვს.

მიუხედავად მცდელობისა, tspress.ge-მ ამ გვერდზე სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული ერთი პოსტიც ვერ აღმოაჩინა.

„ფოთის მერიის საფინანსო სამსახური“ „top eleven”-ის (კომპიუტერული თამაში) ფეხბურთელების ტრანსფერებით, გუნდისათვის სპონსორების ძებნითა და ინტერნეტგვერდ „KinohiT.Ge”–ს გამოკითხვებში მონაწილეობითაა დაკავებული და დღეში რამდენიმე მსგავს პოსტს აქვეყნებს. თოლორდავა და საფინანსო სამსახურის გვერდი დაჟინებით ფიქრობენ, რომ “სააკაშვილი სჯობს ივანიშვილს” და ამ კითხვაზე პასუხი მათ რამდენჯერმე აქვთ გაცემული. იმედია, მერიის “მთავარი ფინანსისტი”ამასაც საკუთარ დას არ დააბრალებს.

კომენტარები