პრეზიდენტისადმი ეს მიმართვა თითქმის ყველა გაზეთმა დღეს გამოსული ნომრის პირველ გვერდზე დაბეჭდა.

– ” ამ ნაბიჯით ხელისუფლებამ პრაქტიკულად მოსპო წლობით ნაშენები სისტემა. არ ვფიქრობთ, რომ ამ გადაწყვეტილებებს მერის ან გამგებლების დონეზე იღებენ, შესაბამისად ჩვენ პირდაპირ მივმართეთ პრეზიდენტს,ვინც არის ავტორი ასეთი გადაწყვეტილების. იცოდეს, რომ ჩვენ ვერ დავთმობთ პრესას”,– განაცხადა tspress.ge-სთან საუბრისას გაზეთ “რეზონანსის” რედაქტორმა, ლაშა ტუღუშმა.

ტუღუშის თქმით, ხელისუფლება ვერ ახერხებდა პრესის კონტროლს და წინასაარჩევნოდ ასეთი ბარბაროსული ხერხი გამოიყენა, ამიტომ ბეჭდური მედიის გადასარჩენად გამომცემლების აქტიურობა მხოლოდ ამ მიმართვით არ შემოიფარგლება.

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, დედაქალაქში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად პროექტი „1000 ჯიხური“ ხორციელდება.

სავაჭრო ჯიხურისთვის განკუთვნილ 1000 ადგილზე მერიამ ინტერნეტაუქციონები გამოაცხადა. როგორც გაირკვა, აუქციონები სწორედ იმ ადგილებზე იყო გამოცხადებული, სადაც უკვე იდგა პრესის გამავრცელებელი ჯიხურები. შედეგად, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში ათობით ჯიხური აიღეს, რამაც გაზეთებს გავრცელებასა და რეალიზაციას პრობლემები შეუქმნა.

კომენტარები