სოზარ სუბარი ბიძინა ივანიშვილთან თანამშრომლობას იწყებს, თუმცა არ აკონკრეტებს მისი თანაპარტიელი ხდება თუ მრჩეველი.

–„თანამშრომლობაზე ერთობლივ განცხადებას უახლოეს მომავალში გავაკეთებთ. მანამდე კი, როდის, როგორ, რატომ და ა.შ. ზედმეტი კითხვებია, რომელზეც ვერ გიპასუხებთ“–განაცხადა სუბარმა tspress.ge-სთან საუბრისას.

მან დაადასტურა, რომ რამდენიმე დღის წინ ივანიშვილთან შეხვედრა და ცალკეულ საკითხებზე შეთანხმება შედგა, თუმცა შეხვედრის დეტალების გამჟღავნება არ ისურვა.

სუბარი ყოფილი თანაგუნდელის, ირაკლი ოქრუაშვილის ბრალდებებსაც გამოეხმაურა, რომელმაც მას „ჯიბეს გამოკიდებული“ უწოდა და განაცხადა, რომ „სასაცილო მდგომარეობაში“ აღმოჩნდა.

–„სანამ ქართულ პარტიაში ვიყავი, ძირითადად მაკრიტიკებდნენ, ამ ადამიანებთან რატომ ხარო. პარტიიდან წამოსვლისთანავე, კი ლანძღვა თავად ყოფილმა თანაპარტიელებმა დამიწყეს. სასაცილო მდგომარეობაში აღმოვჩნდი, მაგრამ არ ვაპირებ საქართველოში დამკვიდრებული ტრადიცია გავაგრძელო და ყოფილი თანაგუნდელები ვლანძღო“–განაცხადა მან.

კომენტარები