ფოთელმა პოლიგლოტმა, ტული გვასალიამ მასზე გადაღებული ფილმის წარმატების შესახებ ვერ გაიგო. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

რეჟისორ ლუდმილა ყურაშვილის მიერ პოლიგლოტზე გადაღებულმა ფილმმა: „როგორა ხართ ბატონო ტული?“ საერთაშორისო სამოქალაქო მედიადაჯილდოებაზე, გერმანიაში, პირველი საპრიზო ადგილი რამდენიმე დღის წინ დაიმსახურა. დაჯილდოვების ცერემონიაზე, კონკურსის ორგანიზატორმა, ფილმის გმირის შესახებ აღნიშნა, რომ მან „მიუხედავად თავისი ძალიან რთული და დუხჭირი ცხოვრებისა, არ დაკარგა ღირსება“. ამ ადამიანისათვის ფოთის ხელისუფლებამ, რამდენიმე თვის წინ, მხოლოდ150-ლარიანი ერთჯერადი დახმარება გამოყო, ჯანმრთელობაშერყეულის სამკურნალო ხარჯებისათვის კი, თანხა ვერ გამონახა.

პოლიგლოტ ტული გვასალიას tspress.ge-ს ჟურნალისტი ფილმის მიერ მოპოვებული წარმატების შესახებ სათქმელად სახლში ესტუმრა.

„სამი თვეა, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა. ავადმყოფობამდე რამდენიმე ხნით ადრე მითხრა, ფოთის საპატიო მოქალაქეობაზე ვარ წარდგენილიო. ბოლო წუთამდე, სანამდე გონზე იყო, ამას ელოდა. უკვე ლაპარაკი არ შეეძლო, ძლივს მითხრა ერთი წინადადება: საპატიო მოქალაქეობას არ მანიჭებენ, იყავი მისულიო? ამის მერე ხმა არ ამიუღია, გაუნძრევლად წევს,“- ამბობს მეზობელი თინა შავლაძე, რომლის ოჯახიც ჩაწოლილ ავადმყოფს უვლის.

შავლაძის თქმით, ლოგინად ჩავარდნამდე ის საკუთარ კოლეგებისგან ყურადღებასაც ნატრობდა: „რამდენ უნივერსიტეტში მუშაობდა… არც კოლექტივს მოუკითხავს, არადა, მთელი ცხოვრება ელოდებოდა.“ მეზობლის თქმით, მას მუდამ სჯეროდა, რომ სახელისუფლებო სტრუქტურებში დასაქმებული მისი მოსწავლეები, მას გაიხსენებდნენ: „ტული გვასალია ყველამ იცის და თუ ჩემი დახმარება უნდათ, ისედაც დამეხმარებიანო,“- ამბობდა და ლუკმა-პურისა და წამლის თანხის არქონის მიუხედავად, მათთან მისვლისა და შეწუხების წინააღმდეგი იყო. „ამბობდა, ჩემს ორ ლარს ვიმყოფინებ და არ ვითხოვო,“-იხსენებს მეზობელი და დასძენს, რომ ის თავად, მთელი ცხოვრება, საკუთარი ცოდნით სხვებს უსასყიდლოდ ეხმარებოდა.

ერთ-ერთი მეზობელი, ქალაქის, ქვეყნისა და თითოეული მოქალაქის სირცხვილად მიიჩნევს მსგავსი ადამიანისათვის საკადრისი პატივის მიუგებლობას – მისთვის ოცნებადგადაქცეული საპატიო მოქალაქეობის მიუნიჭებლობასა და მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებში ავად გამხდარისათვის, ბიუჯეტიდან დახმარებაზე მიღებულ უარს.

პოლიგლოტისათვის საპატიო მოქალაქეობის მინიჭების თხოვნით, რეჟისორი ლუდმილა ყურაშვილი, ქალაქის მერს, ვახტანგ ლემონჯავას პირადად შეხვდა და მისგან თანხმობა მიიღო. მერი მას პოლიგლოტისთვის საპატიო მოქალაქის წოდების აგვისტოში გამართულ „ქალაქის დღეებზე“ მინიჭებას დაჰპირდა. თუმცა, დღეები ისე დასრულდა, ტული გვასალია ადგილობრივ ხელისუფლებას არ გახსენებია.

საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, დარეჯან ცხვიტარიას განცხადებით, წელს, „ფაზისობის“ დღესასწაულის ჩაუტარებლობის გამო, ვერ მოხერხდა მისთვის აღნიშნული ტიტულის მინიჭება. (საპატიო მოქალაქე ჯილდოვდება სიგელითა და 500 ლარის ოდენობის ერთჯერადი ფულადი პრემიით).

„ფაზისობის“ დღესასწაული არც გასულ წელს ჩატარებულა, თუმცა, საკრებულოს ზოგიერთ წევრსა და ადგილობრივ ბიზნესმენს: გურამ წიწილაშვილს, თენგიზ სარიშვილსა და სხვებს, აღნიშნული ტიტული მაინც მიენიჭათ.

„არ მინდა უიმედობასა და სასოწარკვეთილებაში დამთავრდეს მისი სიცოცხლე და ქალაქის მერის დაპირება აღმოჩნდეს ტყუილი. ვიცი, სანამ ძალიან ცუდად გახდებოდა, მხოლოდ ამას კითხულობდა, ხომ არავის მოუკითხავს, საპატიო მოქალაქეობა ხომ არ მოუნიჭებიათო?“- ამბობს რეჟისორი, ლუდმილა ყურაშვილი.

P.S. მიუხედავად ოფიციალური ორგანოს აღიარება-არაღიარებისა, ბატონი ტული გვასალია, საკუთარი საქმიანობისა და გაწეული ღვაწლის გათვალისწინებით, ხალხისგანაა აღიარებული საპატიო პედაგოგად, საპატიო და ღირსეულ ადამიანად და საპატიო მოქალაქედ, ამაზე დიდი აღიარება არც არსებობს.

Tspress.ge-ს რედაქცია ულოცავს ბატონ ტულის ფილმის წარმატებასა და უსურვებს ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს.

კომენტარები