ფოთელ პოლიგლოტს, ტული გვასალიას დღეს დაკრძალავენ. პოლიგლოტი ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო სამი თვის განმავლობაში მძიმე იყო.

ტული გვასალია ფოთში, 1941 წლის 15 დეკემბერს, პედაგოგთა ოჯახში დაიბადა. სწავლობდა ფოთის პირველი საშუალო სკოლაში. დამთავრებული ჰქონდა უცხო ენათა ინსტიტუტის დასავლეთ ევროპის ენების ფაკულტეტი.

სამწუხაროდ, პოლიგლოტმა ვერ შეიტყო მის შესახებ გადაღებული ფილმის წარმატების შესახებ. რეჟისორის, ლიუდმილა ყურაშვილის ფილმი „როგორა ხართ ბატონო ტული?“(იხ.ვიდეო) გერმანიაში, საერთაშორისო სამოქალაქო მედიადაჯილდოებაზე, პირველი საპრიზო ადგილი მიიღო. „ ამ ადამიანმა, მიუხედავად დუხჭირი ცხოვრებისა, არ დაკარგა ღირსება,“ – განაცხადა ცერემონიაზე კონკურსის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

მეზობლის ოჯახი, რომელიც მას უვლიდა ამბობს, რომ ტული გვასალია ბოლო წუთამდე ელოდა მისთვის საპატიო მოქალაქეობის მიღებას, თუმცა დაპირების მიუხედავად გარდაცვალებამდე მისთვის ეს ტიტული არ მიუნიჭებიათ. მას ადგილობრივმა ხელისუფლებამ, მკურნალობის ხარჯების გამოყოფაზეც უარი უთხრა.

როგორც tspress.ge-სთან საუბრისას მისმა ერთ-ერთმა მეზობელმა განაცხადა, ჯანმრთელობის გაუარესებამდე, პოლიგლოტი, მიუხედავად შეჭირვებული ყოფისა, უანგაროდ ამეცადინებდა მოსწავლეებს.

პოლიგლოტის დაკრძალვის ხარჯებს, ფოთის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის(აღნიშნულმა სამსახურმა მისთვის მკურნალობის ხარჯები არ გამოყო) უფროსის, ვიოლა ჯღამაძის თქმით, ქალაქის მერია გაიღებს.

………

გთავაზობთ შემოკლებულ ინტერვიუს, რომელიც „ფაქტნიუსმა “ ტული გვასალიასთან 2009 წლის აგვისტოში ჩაწერა და გამოაქვეყნა სათაურით „დაუფასებელი ამაგი:“

ტული გვასალია: – მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე არასოდეს მინახავს ბედნიერი დღე, ჩემთვის არ არსებობდა არასოდეს სიტყვები: ქეიფი, ლხინი, დროსტარება, ჩემს მეხსიერებაში აღიბეჭდა მხოლოდ შავ-ბნელი დღეები. ოჯახის შექმნა დაკავშირებული იყო ფინანსებთან, რომელიც მე არასოდეს გამაჩნდა. გამაჩნდა მხოლოდ ნიჭი, ნიჭი ენების შესწავლის, წარმოუდგენელი დროის ინტერვალში ვითვისებდი ყველა ენას, მიუხედავად გაჭირვებისა და ჩემი ასეთი ცხოვრებისა მაინც შევისწავლე მსოფლიოს 24-ზე მეტი ენა. ვსწავლობდი და მიხაროდა, რადგან მჯეროდა, რომ ოდესღაც მეც გავხდებოდი მსოფლიოში ცნობილი.

– ბატონო ტული, ორიოდ სიტყვით მიამბეთ თქვენზე…

– დავიბადე 1941 წლის 15 დეკემბერს და დღემდე ფოთში ვცხოვრობ, პედაგოგთა ოჯახში. მამაჩემს, ვალერიან გვასალიას, დამთავრებული ჰქონდა ფოთის ვაჟთა გიმნაზია და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. წლების განმავლობაში ასწავლიდა ფოთის სკოლებში. რუსულ-გერმანულ, ფრანგულ-ინგლისურ და ლათინურ ენებს, რომელთაც საუცხოოდ ფლობდა. დედა, თამარ ხუციშვილი, თელავიდან გახლდათ, იქვე მიიღო საშულო განათლება. დამთავრებული ჰქონდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ბრწყინვალედ ფლობდა რუსულ ენას, ღრმად იყო განსწავლული ჰუმანიტარულ მეცნიერებაში.

– ენების შესწავლა რა ასაკიდან დაიწყეთ?

– შვიდი წლიდან – მამაჩემმა მასწავლა ინგლისური, გერმანული, ფრანგული, ლათინური. მერე, უკვე ჩემით დავიწყე მეცადინეობა.

– როგორც ჩანს, ენებისადმი მიდრეკილება მემკვიდრეობით გამოგყვათ. როდის აღმოაჩინეთ თქვენში ეს უნარი?

– მამაჩემს საკმაოდ მდიდარი ბიბლიოთეკა ჰქონდა უცხო ენებზე. ბავშვობიდანვე მიზიდავდა წიგნები, რომელთაც მამა კითხულობდა. 7 წლის ვიყავი დაახლოებით, როდესაც ესპანურ ენაზე გამოცემული სერვანტესის “დონ კიხოტით” დავინტერესდი: შინ ამ ნაწარმოების მდიდრულად ილუსტრირებული გამოცემა გვქონ¬და ძალიან მაინტერესებდა, გამეგო, რა იყო ამ ილუსტრირების მიღმა. რამდენიმე თვეში მამის დახმარებით შევძელი ეს.

10 წლის ასაკიდან მამამ დაიწყო ჩემთვის ლათინური, გერმანული, ფრანგული და ინგლისური ენების ერთდროულად შესწავლა ერთი წლის განმავლობაში. ახლაც მახსოვს მისი სიტყვები: “ბავშვი რომ სრულყოფილი დაიბადოს, ცხრა თვეა საჭირო და მე შენ ერთი წლის განმავლობაში შეგასწავლე, რაც საჭირო იყო, დანარჩენი შენს მონდომებაზეაო.”

– სულ რამდენ ენას ფლობთ?

– მთლიანობაში, – 48 ენას, მაგრამ აქტიურად 24 ენაზე ვსაუბრობ.

– მაინც, რომელი ენებია განსაკუთრებით რთული შესასწავლად და რომელი ენები მოგწონთ?

– მომწონს ე.წ. მუსიკალური ენები – იტალიური, ესპანური, პორტუგალიური, მათ საოპერო, სასიმღერო ენებს ვუწოდებ, ხოლო რაც შეეხება რთულ ენებს, ესენია კორეული, ჩინური და იაპონური. განსაკუთრებით ბოლო ორი, რადგან იეროგლიფური დამწერლობა არცთუ ადვილი შესასწავლია. ქართული ენაც რთულად მიმაჩნია, რადგან მას აქვს რთული გრამატიკა და უცხოელთათვის ძნელია მისი შესწავლა.

– გაქვთ თუ არა ურთიერთობა მსოფლიოს სხვა პოლიგლოტებთან?

– ახლა თითქმის არა, ადრე კი გვქონდა ინტენსიური კავშირები, ვხვდებოდით კიდეც ერთმანეთს. მსოფლიოში ამჟამად ათეულობით ენისმცოდნე მხოლოდ 22 კაცია. მათ შორის ვარ მეც. პირველ ადგილზეა პოლონელი ენათმეცნიერი (84 ენა ), მეორეა რუსი პროფესორი ნიკოლაი სტაროვსინი, რომელმაც 78 ენა იცის. გრეგორპისარსკმა ჩემს შესახებ ჩინური ჟურნალიდან შეიტყო, გამოაგზავნა წერილი, სადაც ქართული და კავკასიური ენების შესწავლის სურვილს გამოთქვამდა. კონვერტზე მისამართი ქართულად ეწერა, რაც ნიშნავს, რომ ის უკვე გაეცნო ქართულ ენას.

– ბატონო ტული, საზღვარგარეთ თუ ხართ ნამყოფი და სწავლის, თუნდაც დარჩენის სურვილი ხომ არ გქონიათ?

– საზღვარგარეთ, თუ საბჭოთა კავშირის ქვეყნებს არ ჩავთვლით, მხოლოდ ვიეტნამში ვარ ნამყოფი. მქონდა მიწვევა რამდენიმე ქვეყანაში, თუ დავრჩებოდი საკმაოდ კარგ პირობებსაც მთავაზობდნენ, მაგრამ მე აქ უნდა ვიყო, სადაც ჩემი მშობლები და წინაპრები მარხია!

– ხელისუფლების მხრიდან თუ გრძნობთ ყურადღებას და დახმარებას?

– რა დახმარება და ყურადღებაზეა საუბარი, როდესაც წლების განმავლობაში არავინ ფიქრობდა, როგორ მიჭირდა ეკონომიურად. ჩემი მწირი ხელფასი კი საკვებსა და წამლებში მიდის.

კომენტარები