პოლიტიკური სუბიექტების: “მოძრაობა ერთიანი საქართველოსათვის“ და „ქართული პარტიის “გაერთიანება, შესაძლოა, იუსტიციის სამინისტრომ რეგისტრაციაში ვერ გაატაროს.

საქმე იმაშია, რომ 18 დეკემბერს, „რედისონ ბლუ ივერიაში“ გამართული რიგგარეშე ყრილობა, პარტიის წესდების დარღვევით ჩატარდა.

„ქართული პარტიის“წესდების მიხედვით, რიგგარეშე ყრილობის მოწვევა შეუძლია: პარტიის თავმჯდომარეს, პარტიის პოლიტიკურ საბჭოს და პარტიის დამფუძნებელი ყრილობის დელეგატთა ¼ ს, ანუ 25 პროცენტს.

რამდენიმე ხნის წინ გადამდგარ პარტიის თავმჯდომარეს, სოზარ სუბარს გუშინდელი ყრილობა არ მოუწვევია. ახალი თავმჯდომარე პარტიას არჩეული არ ჰყოლია.

როგორც ცნობილია, პარტიის პოლიტიკური საბჭო 12 წევრისგან შედგებოდა. „ქართული პარტიის“ პოლიტსაბჭო დატოვეს: ლევან გაჩეჩილაძემ, კოკა გუნცაძემ, ლევან ჩიკვაიძემ, კახა მიქაიამ, თამაზ გამცემლიძემ, სოზარ სუბარმა და ბესო კურტანიძემ.

პოლიტსაბჭოში დარჩნენ: ირაკლი ოქრუაშვილი, ირაკლი დოლაბერიძე, ამირან იობაშვილი, ეროსი კიწმარიშვილი. ქვორუმის არარსებობის გამო, ისინი რიგგარეშე ყრილობას ვერ დანიშნავდნენ.

ერთადერთი საშუალება რიგგარეშე ყრილობის მოსაწვევად, დამფუძნებელ ყრილობაზე რეგისტრირებული დელეგატების 25%-ის ხელმოწერის არსებობა იყო.

კანონის თანახმად, დამსწრეთა ¼, სწორედ დამფუძნებელი ყრილობის საერთო რაოდენობიდან უნდა ყოფილიყვნენ. თუმცა, როგორც ცნობილი გახდა, ყრილობას ბევრი ნათესაობისა და სხვა ნიშნით შერჩეული ადამიანი ესწრებოდა და არა პარტიის წევრები, რადგან პარტიიდან წასული, ზემოთ ნახსენებ ადამიანებთან ერთად, პარტიის რიგები ბევრმა დატოვა.

ამდენად, ახალი გაერთიანების კანონიერად დარეგისტრირების საკითხი ეჭვქვეშ დგება.

პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, სოფიო ხორგუანმა tspress.ge-ს მიერ დასმულ კითხვას ბოლომდე არც კი მოუსმინა: „ჩვენ გვყავს პრესცენტრი და იმას უნდა მიმართოთ, “-განაცხადა მან და ტელეფონი გათიშა.

პრესცენტრის ხელმძღვანელმა, ლია კამლაძემ კი, კითხვაზე , თუ ვინ მოიწვია რიგგარეშე ყრილობა, განაცხადა, რომ ამის შესახებ არ იცოდა. კითხვის განმარტების შემდეგ, იყო თუ არა ყრილობის მოწვევის საფუძველი პარტიის წევრთა ¼-ის წერილობითი მოთხოვნა, ის დაზუსტებას დაგვპირდა.

რამდენიმე წუთში, tspress.ge-ს ის თავად დაუკავშირდა:“იურისტებს ველაპარაკე და მითხრეს, რომ ყრილობა წესდების თუ კანონის შესაბამისად, ყველა წესის დაცვით იყო მოწვეული… როცა რეგისტრაციისთვის მივმართავთ სამინისტროს, სია შეგიძლიათ გამოითხოვოთ,”- განაცხადა მან. განმეორებით კითხვაზე, არსებობდა თუ არა წევრთა ¼-ის თანხმობა, კამლაძემ განაცხადა: „ასეთ დეტალებში არ ვერკვევი, იურისტი არ ვარ და არ ვიცი რაზე მელაპარაკებით, მაშინ ამ საკითხებს ხვალ დაგიზუსტებთ.“

პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ეროსი კიწმარიშვილმა კი ჩვენთან საუბარი არ ისურვა, ის ფოთის ამინდით დაინტერესდა და კვლავ კამლაძესთან გადაგვამისამართა.

კამლაძის დღევანდელი პასუხი, თითქმის გუშინდელის ანალოგიური იყო: -„არსებობს ნიუანსები, რომელიც მე არც მევალება ვიცოდე და არც ვარ გარკვეული. ვკითხე იურისტს, რომელმაც განაცხადა, რომ ყრილობა მოწვეული იყო კანონიერების დაცვით“,-განაცხადა მან.

ხელმოწერების ჩვენების მოთხოვნაზე პარტიის პრესსამსახურის წარმომადგენელმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: „ეს არ არის კონფიდენციალური ინფორმაცია, უბრალოდ, იურისტი არ თვლის სავალდებულოდ, გააკეთოს დამატებითი კომენტარები, როდესაც მოხდება სამინისტროში დარეგისტრირება, შეგიძლიათ გამოითხოვოთ და ნახოთ.“

რატომ გაუჭირდა კამლაძეს პასუხის გაცემა და თუკი მსგავსი წერილობითი მოთხოვნა არსებობს, რატომ არ წარმოადგინა ხელმოწერები, გაუგებარი დარჩა.

კამლაძის ინფორმაციით, სექტემბრის მონაცემებით, პარტიას დაახლოებით 5000 წევრი ჰყავდა, მაშასადამე, „ქართულ პარტიას“ უნდა ჰქონოდა მისი 1250 წევრის წერილობითი თანხმობა. წარადგენს თუ არა პარტია იუსტიციის სამინისტროში აღნიშნული რაოდენობის ხელმოწერებს და გატარდება თუ არა რეგისტრაციაში ოქრუაშვილის ახალი გაერთიანება, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ , გუშინ, ოქრუაშვილის მიერ დაფუძნებული ორი პარტია „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ და „ქართული პარტია“ ერთ პოლიტიკურ სუბიექტად ჩამოყალიბდა და სახელად „ქართული პარტია“ ეწოდა. მის თავმჯდომარედ ყრილობაზე ირაკლი ოქრუაშვილი, ხოლო თანათავმჯდომარედ – ეროსი კიწმარიშვილი აირჩიეს.

P.S. აღნიშნულ საკითხზე სპეკულაციების გამოსარიცხად, tspress.ge მზად არის დაბეჭდოს დამფუძნებელი და რიგგგარეშე ყრილობის დელეგატთა სია, რომელიც, რა თქმა უნდა, საიდუმლო დოკუმენტს არ წარმოადგენს.

კომენტარები