Tspress.ge-ს ფოთის ცენტრში, თავდაცვის სამინისტროს მიერ დადგმული კარვებისა და იქ მიმდინარე პროცესის გადაღების საშუალება არ მისცეს და კამერის გადაგდებით დაემუქრნენ.

ქუჩის მოპირდაპირე მხრიდან რამდენიმე ფოტოს გადაღებას ერთ–ერთი სამხედროს გაღიზიანება მოჰყვა.

მან ჟურნალისტს გადაღება და ჩაწერა აუკრძალა ისე, რომ არც ვინაობა დაუსახელებია და არც აკრძალვა დაუსაბუთებია.

მიუხედავად იმისა, რომ გადაღების ამკრძალავი მინიშნება არც კარვებზე და არც მიმდებარე ტერიტორიაზე გამოკრული არ იყო, მამაკაცი დაჟინებით ითხოვდა ჟურნალისტს ტერიტორია დაეტოვებინა. მისი გადაღების მცდელობისას კი კამერის გადაგდებით დაემუქრა, სამხედრო პოლიციის გამოძახება მოითხოვა და „უფროსს“ დაუკავშირდა.

ვინაობა არც მოგვიანებით ადგილზე მოსულ „უფროსს“ დაუსახელებია და არც გადაღების ამკრძალავი დოკუმენტი წარმოუდგენია.

მისი თქმით, განმარტებებს ფოთის პოლიციის სამმართველოს წარმომადგენელი, მალხაზ კვაშილავა გააკეთებდა. თუმცა კვაშილავას თქმით, ამ საკითხზე არავითარი განმარტება არ ჰქონდა. “პასუხი არ მაქვს,”-განაცხადა მან.

საიას მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის იურისტი, ნათია კაპანაძე განმარტავს, რომ ინფორმაციის თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციითაა უზრუნველყოფილი, ხოლო როცა საუბარი ჟურნალისტურ საქმიანობას ეხება ეს სტანდარტი გაცილებით მნიშვნელოვანია.

–„კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა იყოს დასაბუთებული რა არის აკრძალვის საფუძველი. ჟურნალისტი უნდა დარწმუნდეს, რომ აკრძალვა ხდება უფლებამოსილი პირის მიერ, რომელმაც უნდა წარმოადგინოს საბუთები და დასაბუთება იმისა, რომ აკრძალვა კანონიერია. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში მსგავსი მოთხოვნები უკანონოა“–აცხადებს იურისტი.

თავდაცვის სამინისტროს ექიმთა ჯგუფი ფოთელებს უფასო სამედიცინო კონსულტაციებს სამი დღის განმავლობაში გაუწევს. საჭიროების შემთხვევაში უფასო მედიკამენტებიც დარიგდება.

კომენტარები