“ბანკი ქართუს” გენერალურმა დირექტორმა, ნოდარ ჯავახიშვილმა ბანკზე განხორციელებულ ზეწოლის ფაქტებზე განცხადება გაავრცელა.

განცხადების თანახმად, ხელისუფლება ბანკზე სადამსჯელო ოპერაციასა და ზეწოლას სხვადსხვა გზით, მათ შორის საკანონმდებლო ცვლილებებით ახორცილებს, რომლებსაც “ეფექტურად” მხოლოდ “ბანკი ქართუს” წინააღმდეგ იყენებენ , საშიშროებას უქმნის საქართველოს საბანკო სისტემასა და მთლიანად ქართულ ეკონომიკას.

“ბანკი ქართუს” დირექტორის განცხადებით, ზეწოლა მიმდინარეობს ბანკის დამფუძნებელ “ქართუ ჯგუფზე”, გრძელდება მათი კუთვნილი ტვირთების გამიზნული და ტოტალური დაზიანებების პროცესიც.

“17 ოქტომბრიდან დღემდე საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული და ჩვენთვის განკუთვნილი ყველა ტექნიკა, რომელთა საერთო ღირებულება თითქმის ნახევარ მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, დაზიანებული და გამოსაყენებლად უვარგისია.

იმის გათვალისწინებით, რომ ამ ტვირთის მომწოდებლები მსოფლიოში აღიარებული ბრენდები არიან, გამორიცხული არ არის, საქართველოს სახელმწიფო საერთაშორისო სკანდალში გაეხვიოს აქედან გამომდინარე ძნელად პროგნოზირებადი შედეგებით”, – ნათქვამია განცხადებაში.

ნოდარ ჯავახიშვილის განმარტებით, გაიზრდება ქვეყანასთან დაკავშირებული რისკები, რაც გაართულებს და გააძვირებს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან სესხების მიღებას, გამოიწვევს უკვე გამოყოფილ საკრედიტო რესურსებზე საპროცენტო განაკვეთების ზრდას, მათ შორის იმ უცხოელი ინვესტორებისთვის, რომლებიც სწორედ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან უნდა დაფინანსებულიყვნენ, უცხოური ინვესტიციების მოცულობის მნიშვნელოვანი შემცირების გარანტირებული შედეგით.

“გირაოს არსისა და პირველი რიგის იპოთეკარის სტატუსის ნიველირება, მიუხედავად იმისა, მას ხელისუფლება მიზანმიმართულად გამოიყენებს თუ არა, ამა თუ იმ კლიენტისა და შესაბამისად მის კრედიტორ ბანკთან მიმართებაში, ავტომატურ რეჟიმში გამოიწვევს სესხების უზრუნველყოფის ხარისხის მნიშვნელოვან შემცირებას და სათანადოდ დამატებითი სახსრების დარეზერვირების აუცილებლობას; ყოველივე ეს კი, დრამატულად შეამცირებს ახალი სესხების გაცემის შესაძლებლობებს და გაზრდის საპროცენტო განაკვეთებს”– ნათქვამია განცხადებაში.

ჯავახიშვილის ცნობით, ხელისუფლებამ დაიწყო დაყადაღებული ქონებების აუქციონზე გატანა. კერძოდ, ერთი კვირის განმავლობაში აუქციონზე გატანილია 19 მლნ ლარის ღირებულების 26 ობიექტი საბაზრო ფასის 50%-ად, თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, პრაქტიკულად არც ერთი ქონება არ გაყიდულა და დიდი ალბათობით არც გაიყიდება.

მათ ნატურით დაისაკუთრებს ეკონომიკის სამინისტრო გარკვეული სქემით, თავდაპირველი მფლობელებისთვის უკან დაბრუნების მიზნით. აღნიშნული აძლიერებს ჩვენს ეჭვებს _ რისთვის გამოეყო წლის მიწურულს ბიუჯეტიდან ეკონომიკის სამინისტროს 160 მლნ. ლარის დამატებითი ასიგნებანი (ამ თანხიდან 40 მლნ. აშშ დოლარი, ანუ 66 მლნ. ლარი ებრაელ ბიზნესმენებთან გარიგების საფასურია) – სწორედ ამ ქონების საფასურის ბიუჯეტში გადასახდელად, ამ უკანასკნელის მიერვე წინა თვეში გამოყოფილი თანხების ხარჯზე?! დარჩენილი 94 მლნ ლარია დაკიდებული დამოკლეს მახვილივით “ბანკი ქართუს” თავზე და ამ თანხის ათვისებას უთუოდ მოახერხებენ წლის ბოლომდე პოლიტიკურად მოტივირებული ტერორის გზით, ზემოთ აღნიშნული სქემითა და ბიუჯეტური სახსრებით მანიპულირების მეშვეობით, ქართული საბანკო სისტემის მხრიდან დანაშაულებრივი დუმილის ფონზე”– აღნიშნულია განცხადებაში.

“ქართუ ჯგუფი” საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს შეაჩეროს სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურიდან სამეურნეო სუბიექტებზე, მათ შორის “ბანკ ქართუზე” უსამართლო ზეწოლა.

კომენტარები