ჩხოროწყუს საკრებულო 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას გუშინ გეგმავდა. თუმცა, გაურკვეველი მიზეზით, რამდენიმე დღით ადრე დაანონსებული სხდომა გადაიდო.

ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტზე საკრებულო და გამგეობა შეთანხმებული იყო, მაგრამ საბოლოო კორექტირების შესატანად ბიუჯეტის პროექტი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციამ მოითხოვა. წყაროს ცნობით, სხდომის გადადების მიზეზი, სავარაუდოდ ეს გახდა.

ჩხოროწყუს საკრებულოს აპარატში ადასტურებენ, რომ ბიუჯეტი 20 დეკემბერს უნდა დაემტკიცებინათ, თუმცა, გადადების მიზეზს ვერ ასახელებენ. საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის აპარატის უფროსისათვის ახალი ბიუჯეტის დამტკიცების თარიღი უცნობია.

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ორგანული კანონის შესაბამისად, ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტს გამგეობა საკრებულოს წარუდგენს, კორექტირების შეტანის შემდეგ კი, მას საკრებულოს წევრები ამტკიცებენ. ადგილობრივ ბიუჯეტში კორექტირების შეტანა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა, სხვა ორგანოებს კანონის შესაბამისად ეკრძალება.

კომენტარები