ფოთის ცენტრსა და დევნილთა ახალ დასახლებაში გაშლილ სამხედრო კარვებში ექიმები მოსახლეობას უფასო სამედიცინო შემოწმებას უწევენ და საჭიროების შემთხვევაში, მედიკამენტებსაც უფასოდ ურიგებენ.

რას უკავშირდება თავდაცვის სამინისტროს ეს აქცია და აქვს თუ არა მას კავშირი წინასარჩევნო კამპანიასთან?

ამ დროისათვის, აქციის შესახებ ცნობილია მხოლოდ ის, რომ ფოთის მერის, ვახტანგ ლემონჯავას განცხადებით, ინიციატივა თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნის და ადგილობრივ თვითმმართველობასთან კავშირი არა აქვს.

სამხედრო ექსპერტი, გიორგი თავდგირიძე მსოფლიოში არსებულ მსგავს პრაქტიკაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ბევრ ქვეყანაში, ამ ფორმით თავდაცვის უწყება საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირებას ახდენს.

თავდგირიძის თქმით, მედიკამენტების დარიგებისას თავდაცვის სამინისტრო შესაძლოა თავის მარაგს იყენებდეს და ეს სავსებით მისაღებია, მაგრამ, თუ ის ამ წამლებს სპეციალურად აქციისთვის ყიდულობს, რისი გადამოწმების საშუალებაც არაა, რადგან სისტემა საკმაოდ დახურულია, მაშინ ეს დარღვევად ჩაითვლება და შესაძლოა, აქცენტი წინასაარჩევნო კამპანიაზეც გაკეთდეს.

პოლიტიკურ პიარ-კამპანიად და ხელისუფლების მიერ ძალაუფლების პოლიტიკური ინტერესებისათვის გამოყენებად აფასებს ამ აქციას სამხედრო ექსპერტი, ირაკლი სესიაშვილი.

მისი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან უწყების ასეთ კამპანიაში ჩართვა კანონით აკრძალულია: ერთის მხრივ, სამხედროები არ შეიძლება გაიგივებული იყვნენ პოლიტიკურ პროცესებთან, მეორეს მხრივ, ისინი ვარდებიან სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების სპეციფიკიდან.

სესიაშვილის აზრით, შესაძლოა, კონკრეტულ ადამიანებს მართლაც კეთილი ნება ამოძრავებდეს, მაგრამ, თუ სახელმწიფოს მოსახლეობისათვის უფასო სამედიცინო მომსახურების გაწევა სურს, ამისთვის სპეციალური დაწესებულებები არსებობს.

-„იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებამ რეალურად უზრუნველყოს მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, ასეთი პიარ–კამპანიებით ცდილობს მოსახლეობის მოტყუებას,”–ამბობს ექპერტი.

ჟურნალისტებისთვის საქმიანობის აკრძალვას, კი სესიაშვილი გაუგებარ გადაწყვეტილებად აფასებს. შეგახსენებთ, რომ გუშინ სამინისტროს წარმომადგენელმა, რომელმაც ვინაობა არ დაასახელა, ჟურნალისტს გადაღება ყოველგვარი ახსნა–განმარტების გარეშე აუკრძალა და კამერის გადაგდებით დაემუქრა.

რატომ გახდა ფოთში საველე ჰოსპიტლების გასხნა საჭირო, უკავშირდება თუ არა ეს არსებულ მძიმე სოციალურ ფონს, ან რაიმე დაავადების გავრცელების პრევენციას, რამდენი დაუჯდა ბიუჯეტს აღნიშული აქცია და რა განსაკუთრებული მიზეზის გამო ჩაანაცვლა ჯანდაცვის სამინისტროს ფუნქცია თავდაცვის სამინისტრომ და ა.შ. ამ კითხვებზე პასუხი tspress.ge-მ ვერ მიიღო.

თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტში პასუხის მისაღებად დეპარტამენტის უფროსთან, სალომე მახარაძესთან დარეკვა გვირჩიეს, თუმცა მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

-„თუკი გასინჯვა ქალაქის ცენტრში საჯარო ადგილას მიმდინარეობს, მაგრამ იქ ჟურნალისტებს არ უშვებენ, გამოდის, საიდუმლო ობიექტია. მაშინ როგორ და რატომ იღებენ ამ საიდუმლო ობიექტზე ქუჩიდან მოსულ ადამიანებს? ხომ შეიძლება მათ შორის აღმოჩნდეს აგენტი, რომელიც შეისწავლის სამინისტროს საველე ჰოსპიტლის პირობებს?“– კითხულობს ირაკლი სესიაშვილი.

–„თავდაცვის სამინისტრომ ამ დრომდე ვერ ისწავლა საზოგადოებასთან ურთიერთობა და მისთვის საკუთარი ქმედებების ახსნა. შესაბამისად, მისი გადაწყვეტილებები და ჟურნა
ლისტებისთვის დაწესებული შეზღუდვა მთელ რიგ კითხვებს აჩენს,“–აცხადებს ექსპერტი, გიორგი თავდგირიძე.

კომენტარები